საზღვაო ტაქსები,  სკუტერები და ელექტროტრანსპორტი იქნება გადაადგილების მთავარი საშუალება ბათუმის კუნძულზე

საზღვაო ტაქსები, სკუტერები და ელექტროტრანსპორტი იქნება გადაადგილების მთავარი საშუალება ბათუმის კუნძულზე. ამის შესახებ ინფორმაციას Ambassadori Batumi Island-ი ავრცელებს.

„ბათუმის კუნძულის გენერალური განაშენიანების გეგმაზე მუშაობისას, თანმიმდევრული დაგეგმარების მიმართულებით თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, კომპანია ARUP ხელმძღვანელობდა პროექტირების რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპით:

ეკოლოგიური მდგრადი სატრანსპორტო სისტემა - მიკრო მობილურობა და ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირება წარმოადგენს ტერიტორიის ერთ-ერთ უპირატესობას. ელექტრომობილები, საზღვაო ტაქსები, სკუტერები, ელექტროავტობუსები, ველოსიპედები გადაადგილების მთავარი სატრანსპორტო საშუალებები იქნება.

სანაპირო ზოლის მომხიბვლელობა მთელი წლის განმავლობაში - გამომდინარე იქიდან, რომ ეს იქნება ბათუმის ახალი ტურისტული ცენტრი, სანაპირო ზოლი იქნება კუნძულის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მათ ექნებათ შესაძლებლობა დაკავდნენ მრავალფეროვანი აქტივობებით მთელი წლის განმავლობაში.

ლურჯ-მწვანე ინფრასტრუქტურა - კუნძულს ექნება კარგად განვითარებული ლურჯ-მწვანე ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნის ახალ ლანდშაფტს და ინტეგრირებულ ეკოსისტემას მოსახლეობისთვის,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პროექტი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. ამჟამად, მიმდინარეობს წყალში მიწის მოწყობის სამუშაოები, რის დასრულებასაც რამდენიმე წელი დასჭირდება. ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 5 ჰექტარამდე მიწის ფართობი. მასზე ინფრასტრუქტურისა და ნაგებობების მშენებლობას, გენერალური გეგმის მიხედვით, კიდევ დამატებითი დრო დასჭირდება.