ნუშის ადგილობრივმა წარმოებამ იმპორტი თითქმის სრულად ჩაანაცვლა

„ნუში და თხილი - საქართველოს ბაზრისთვის ახალი ინდუსტრიაა“ - განაცხადა ნუშისა და თხილის ასოციაციის დირექტორმა, თორნიკე ლატარიამ.

მისი თქმით, გასულ წელს კომერციულმა საწარმოებმა დაახლოებით 2 000 ტონა ნუში და 2 500 ტონა ბერძნული თხილი მიიღეს, ამ გზით კი მწარმოებლებმა სხვადასხვა მიმართულების სატესტო ექსპორტი განახორციელეს. კერძოდ, ძირითადი მიმართულებები იყო თურქეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და ინდოეთი.

ასოციაციის დირექტორის თქმით, ნუშის იმპორტი ადგილობრივმა წარმოებამ თითქმის სრულად ჩაანაცვლა.

„ნუშის იმპორტი, ფაქტობრივად, ჩანაცვლებულია. ქვეყანაში ეს პროდუქტი საკმაოდ ძვირი ღირდა და ის 100% შემოტანილი იყო სხვა ქვეყნებიდან. მსოფლიო ბაზრის ფასებთან შედარებით, ჩვენთან ნუში 4-5-ჯერ ძვირი ღირდა. ახლა კი სრულად ადგილობრივი პროდუქტი გვაქვს და ის გაცილებით იაფი ღირს“, - განაცხადა თორნიკე ლატარიამ.

ლატარიას თქმით, სექტორის განვითარება 7-8 წლის წინ, შეცდომებით დაიწყო, რომლებიც ამ დროისთვის მოგვარებულია.

ასოციაცია წელს ბერძნული თხილის დიდ მოსავალსაც ელოდება.

წყარო: EastFruit

ეკა დარჩიაშვილი