დიპლომატიიდან ტელევიზიამდე - როგორ იპოვა ანი სოხაძემ თავი პროფესიაში

პროფესიით დიპლომატია, თუმცა საკუთარი პროფესიით არასდროს უმუშავია. ამჟამად „პალიტრა ნიუსზე“ გადაცემა „ბიზნესპორტრეტის“ წამყვანია და ფიქრობს, რომ ტელევიზიაში საკუთარი თავი ნამდვილად იპოვა. ანი სოხაძისთვის გადაცემაზე მუშაობა, რომელიც ხშირად დაძაბულიცაა, დიდ სიამოვნებასა და კომფორტთან ასოცირდება. მუდმივად ცდილობს, მაყურებელს ახალი და უცნობი ისტორიები შესთავაზოს. ეს კარგადაც გამოსდის. უფრო დეტალურად კი საკუთარ სატელევიზიო ისტორიასა და გადაცემაზე თავად ანი გვესაუბრება.

საქმიანობის ძალიან მრავალფეროვანი ისტორია გაქვთ. ტელევიზიაში მოხვედრამდე, გიფიქრიათ თუ არა ამ მიმართულებაზე და რამდენად საინტერესოდ ჩანდა ეს თქვენთვის?

საკუთარი თავი ყველა სფეროში მოვსინჯე, საკმაოდ პატარა ასაკიდან გადავწყვიტე დამეწყო საკუთარი თავის ძიება კარიერული თვალსაზრისით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა სფეროში მოვსინჯე ძალები. თავდაპირველი კარიერული არჩევანი საერთაშორისო პოლიტიკასა და დიპლომატიაზე შევაჩერე, ეს იყო პატარა ასაკში, როცა პროფესიის არჩევის დრო დგებოდა. ბაკალავრიც და მაგისტრატურაც ამ მიმართულებით დავამთავრე, თუმცა ამ პროფესიით ერთი დღეც კი არ მიმუშავია. შემდეგ იყო მრავალფეროვანი გამოცდილების ნუსხა, თუმცა საბოლოოდ მოვხვდი ტელევიზიაში. როცა კამერა ჩაირთო, მივხვდი, რა უნდა მეკეთებინა. მას შემდეგ დილით ადრე გაღვიძება სამსახურისთვის აღარ მეზარება. ალბათ, ყველაზე დიდი ბედნიერებაა პროფესიაში საკუთარი თავის პოვნა.

დღეს, უკვე 2-წლიანი გამოცდილებით, ფიქრობთ, რომ ტელევიზია ეს ის არის, რისი კეთებაც ნამდვილად გსიამოვნებთ და გამოგდით?

ეს ნამდვილად ის არის, რაც თურმე უნდა ვაკეთო. თუმცა ჯერ ამ სფეროსთვის მაინც ახალბედად ვითვლები. წინ კიდევ ბევრია სასწავლი.

cb67282f-dc5b-4611-9b3e-cd25506ccb93-1712822316.jpg

მოგვიყევით თქვენს გადაცემაზე, რით არის ის გამორჩეული ქართულ სატელევიზიო სივრცეში?

გადაცემა „ბიზნესპორტრეტი“ მოიაზრებს კონკრეტული ბიზნესის პრეზენტაციას და ბიზნესმენის პერსონიფიცირებას. ის გარკვეულწილად შემეცნებითია, რადგან მაყურებელი ბიზნესისთვის საჭირო რჩევებს იღებს. გადაცემაში ხშირად მოისმენთ ისტორიებს, რომლებსაც ჩემი სტუმრები პირველად ჰყვებიან. სწორედ ამიტომ, ის ძალიან საინტერესოცაა.

გასული 2 წლის განმავლობაში, რამდენად გაიზარდეთ თქვენ და თქვენი გადაცემა? რა მიმართულებით გრძნობთ განვითარებას?

უშუალოდ მე გავიზარდე, როგორც გადაცემის წამყვანი. უფრო სწორად რომ ვთქვათ, კი არ გავიზარდე, არამედ ვიპოვე საკუთარი თავი და აღმოვაჩინე ჩემი საქმიანობა. ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე უკვე შევდექი. ქართულ სატელევიზიო სივრცეში არიან ადამიანები, რომლების ფონზეც ჩემი ეს განაცხადი ხმამაღალი იქნება, თუმცა პირველი გადაღება მახსოვს. არანორმალურად ვნერვიულობდი კამერის ჩართვამდე, თუმცა შემდეგ მოიხსნა ნერვიულობა და დღეს თავს კომფორტის ზონაში სწორედ მაშინ ვგრძნობ, როცა გადაღებაზე მეჩქარება.

გადაცემა ძალიან საინტერესოდ დაიწყო და ამ თამასას არ ვაგდებთ. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ეთერი გელით.

1140e85b-f106-4c3a-896f-fae222367753-1712822370.jpg

რა არის თქვენი მიზანი თითოეული გადაცემის დაგეგმვის დროს? მაყურებლამდე რისი მიტანა გსურთ?

ჩვენ მუდამ სიახლეებს ვეძებთ. ბაზარზე ახალი და საინტერესო ბიზნესი გამოჩნდება თუ არა, მეც იქვე ვჩნდები. ის, ვინც ჩემს გადაცემას, თუნდაც შემთხვევით, ჩართავს, მინდა, რომ შეყოვნდეს და არ გადართოს... ყოველთვის მაყურებლის თვალთახედვით ვუსმენ რესპონდენტს. ვცდილობ, არ გამომრჩეს კითხვა, რომელიც მაყურებელს შეიძლებოდა თავში მოსვლოდა აზრად.