საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5%-ით გაიზრდება - ADB

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ADB-ი მომავალ წელს ეკონომიკის 5.5%-ით ზრდას ელოდება.

განახლებული პროგნოზით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მიმდინარე წელს ელოდება, რომ ინფლაცია 3.5% იქნება, ხოლო 2025 წელს 4%-მდე დაჩქარდება.

„საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს საშუალოდ გაიზრდება შემცირებული საგარეო მოთხოვნისა და სერვისების ზრდის შემცირების ფონზე, ხოლო 2025 წელს მეტი ზრდაა მოსალოდნელი, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში. აზიის განვითარების პროგნოზი აპრილი 2024, ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაცია, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 2024 წელს 5%-ით ვარაუდობს, რაც 2025 წელს 5.5% გახდება ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდის ფონზე“, - აღნიშნულია პროგნოზში.

როგორც ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში განუხრელად იზრდება.

„ყურადღების გამახვილება რეგიონულ თანამშრომლობაზე, კერძო სექტორის ხელშეწყობა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და უფრო მწვანე და კლიმატგამძლე ეკონომიკაზე გადასასვლელად საჭირო პოლიტიკის გატარება ქვეყანაში შექმნის დოვლათს და მოსახლეობის სოციალურ დაცვას გააძლიერებს“, - განაცხადა ბეარმან ლამმა.

პროგნოზის თანახმად, იმპორტი შედარებით დაბალი ტემპით გაიზრდება და 2024 წელს ზრდა 6.1%-ს შეადგენს, შიდა ზრდის შენელებისა და ავტომობილების შემცირებული რეექსპორტის ხარჯზე, ხოლო 2025 წელს 11.1%-მდე გაიზრდება.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, სომხეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 5.7%-ით გაიზრდება, ხოლო აზერბაიჯანში 1.2%-ით. 2024 წელს მეზობელ ქვეყნებში ინფლაციის პროგნოზი ასეთია: აზერბაიჯანი - 5.5%, სომხეთი 3%.

მერი ტაბატაძე