თვეში შეიძლება 10 000 ლარამდე დაჯარიმდნენ კომპანიები, რაც ისევ მომხმარებელზე აისახება - ივა ჭყონია სადისტრიბუციო მანქანების პარკირებაზე

სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის საპარკინგე სივრცეები ისევ პრობლემას წარმოადგენს. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, დედაქალაქის მასშტაბით მათთვის მხოლოდ 130 ადგილია გამოყოფილი, რაც საკმარისი არ არის. მისი თქმით, ამის პარალელურად, სადისტრიბუციო მანქანებისთვის პარკირებაზე დაკისრებული ჯარიმების მოცულობა, თვეში საშუალოდ, 3000-დან 10 000 ლარამდეც კი გროვდება.

„საპარკინგე ადგილებთან დაკავშირებით გამოყოფილია მხოლოდ130 ადგილი და „გაყინული“ ვართ ამ რაოდენობაზე. დიფერენცირებულია კომპანიების მიხედვით, მაგრამ თვეში შეიძლება 3 000-დან 10 000 ათას ლარამდე დაჯარიმდნენ კომპანიები, რაც პირდაპირი მნიშვნელობით სახდელია და ნეგატიურად საბოლოო ჯამში ისევ მომხმარებელზე აისახება“,- ამბობს ივა ჭყონია.

როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, ამას ემატება პიკის საათში გაბარიტული ავტომობილების გადადგილების შეზღუდვაც, რაც კადრების დეფიციტს კიდევ უფრო ამწვავებს.

„ამ საკითხთან ერთად, ის შეზღუდვები, რომელიც გაბარიტულ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას ეხება, ჩათვალეთ, რომ სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. გამოდის, რომ მხოლოდ 4 საათი რჩებათ კომპანიებს პროდუქციის დასარიგებლად და რიგები იქნება. თითქმის ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, თუ ავარიულ მდგომარეობას არ ქმნიან, დისტრიბუტორებს შეუძლიათ, დააპარკინგონ ავტომობილი და შეიტანონ პროდუქცია, რადგან სულ რაღაც 15-20 წუთი სჭირდებათ ამ ციკლისთვის. არსად არ არის ასეთი შეზღუდვა და ამხელა ჯარიმებს არ წერენ.

ამას ემატება კადრების დეფიციტი, მითუმეტეს c კატეგორიის მძღოლების და ახლა შეზღუდვებიც თუ იყო და დამატებითი ავტომობილების შეძენა გახდა საჭირო, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეიქმნება“,- ამბობს ივა ჭყონია.

ნინი ქეთელაური