Shell ლონდონის საფონდო ბირჟიდან შესაძლოა, ნიუ-იორკში გადავიდეს

ნავთობისა და გაზის კომპანია, Shell ლონდონის საფონდო ბირჟის დატოვებასა და ლისტინგის ნიუ-იორკში გამართვას განიხილავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვაელ სავანმა განაცხადა, რასაც ბრიტანული გაზეთი, The Telegraph ავრცელებს.

სავანის თქმით, ამჟამად ინვესტორები Shell-ის აქციებს სათანადოდ არ აფასებენ და კომპანიისა და მისი კონკურენტების კაპიტალიზაციას შორის უფსკრული გაჩნდა.

მაგალითად, თუ Shell-ის კაპიტალიზაცია 230 მლრდ დოლარს შეადგენს, ნიუ-იორკის ბირჟაზე მოვაჭრე კონკურენტი კომპანიების, კერძოდ, Exxon Mobil-ის საბაზრო ღირებულება 480 მლრდ დოლარი, ხოლო Chevron-ის 300 მლრდ დოლარია.

The Telegraph წერს, რომ ლონდონის საფონდო ბირჟას, რომელიც ნავთობის, გაზისა და სამთომომპოვებელ კორპორაციებს შორის ტრადიციულად პოპულარულია, ბოლო დროს სულ უფრო მეტი კომპანია ტოვებს, რისი მიზეზიც ESG-ის (Environmental, social, and governance), ანუ გარემოს, სოციალური სფეროს და მმართველობის დღის წესრიგის მიმართ ინვესტორების მზარდი ინტერესია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ