„ეს იქნება საქართველოს წამალი, ყველა მიმართულებით, ბენზინი, დიზელი...“

„როდესაც ბაქოს ქარხნები დაამთავრებენ გადაიარაღებას, ეს იქნება საქართველოს წამალი, ყველა მიმართულებით, ბენზინი, დიზელი...“, - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა პრესკლუბში „კვირა“ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანული საწვავი ევრო 5-ის სტანდარტს ბოლომდე დააკმაყოფილებს, პროდუქტს ევროპაში გაუშვებს, რაც საქართველოს გავლით მოხდება.

თუმცა ფასთან მიმართებით ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ ოპეკის მიერ დადგენილ ღირებულებას აზერბაიჯანი გვერდს ვერ აუვლის და მხოლოდ მცირედი სხვაობით შეძლებს, რომ საქართველოს მიაწოდოს. ამასთან, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ტრანსპორტირების ხარჯის შემცირება, ადგილობრივ ბაზარზე დადებითად აისახება, შესაბამისად, საწვავი იაფი დაჯდება.

„როდესაც ბაქოს ქარხნები დაამთავრებენ გადაიარაღებას, ეს იქნება საქართველოს წამალი, ყველა მიმართულებით, ბენზინი, დიზელი... გვერდით გვყავდეს მართლა ბრწყინვალე მეზობელი...

გადაიარაღება დღესაც მიმდინარეობს, იქ არ არის მხოლოდ ერთი დანადგარი, ეს არის მთელი სისტემა და მხოლოდ საქართველოსთვის არ გააკეთებს ხომ ამას?! გადააიარაღებს, რომ ევროპაში წავიდეს საწვავი, გაზი და ეს ყველაფერი მოხდება საქართველოს დახმარებით.

რაც შეეხება ფასს, მსოფლიო სანავთობო ფასებს ადგენენ ოპეკის ქვეყნები, აზერბაიჯანს შეუძლია მოგვცეს პლატცს მინუსით, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავებით იმას (საერთაშორისო ფასს) გვერდს ვერ აუვლის. ეს ფასი დგება მთელი მსოფლიოსთვის. მე ვიცი ქვეყნები, სადაც იაფი კი არა, თითქმის უფასოა, მაგალითად, ირანში, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ირანს ზოგჯერ აზერბაიჯანიდან მიაქვს საწვავი, იმიტომ, რომ ირანის ქარხნები კონკრეტული რეგიონებიდან იმდენად შორია, მას ურჩევნია აზერბაიჯანიდან შეიტანოს, და უფრო რენტაბელური გამოდის. ასევე იაფია ვენესუელაში. განა უარს გვეტყვიან, იქიდან რომ წამოვიღოთ ძალიან იაფიანი საწვავი?! მაგრამ იმდენად შორია, 3-ჯერ მეტი გამოდის“,- განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

ნინი ქეთელაური