ქეთევან თურაზაშვილი საჯარო სკოლებში არსებულ პრობლემებს სწავლობს და არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ასაჯაროებს

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის კომიტეტის ოპოზიციონერი წევრი, დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი საჯარო სკოლებში არსებულ პრობლემებს სწავლობს და არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ასაჯაროებს.

მისი განცხადებით, საჯარო სკოლებში არსებული პრობლემა გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

„მას შემდეგ რაც საჯარო სკოლებში არსებული ვითარების მოკვლევა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ რეალურად, პრობლემა გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და პრაქტიკულად, ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მეხმიანება და მთხოვს საჯაროდ ვისაუბრო მათ რეგიონში არსებულ დანგრეულ და მიტოვებულ სკოლებზე. „ხაშურში შინდარის დასახლებაში დაანგრიეს სკოლა, ნაგავიც არ გაუტანიათ სამი წელია და რა მშენებლობაზეა ლაპარაკიო“- მომწერა ერთ-ერთმა გამწარებულმა მშობელმა. ასევე, მატყობინებენ ატენის საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებაზე, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა და ბავშვები ხიდისთავის სკოლაში დადიან, ატენის სკოლაში კი სარემონტო სამუშაოები ჯერაც არ დაუწყიათ. მსგავსი პრობლემაა კასპის მეოთხე სკოლაშიც. მცხეთის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ ბიწმენდიდან მწერენ, რომ სკოლა ააშენეს, თუმცა პროცესში საბაზისო არქიტექტურული ნორმები მიავიწყდათ და სკოლის შესასვლელი არასწორ მხარეს მოაქციეს. თბილისის სხვადასხვა უბნიდანაც არაერთი მშობელი მწერს, მაგ: „სკოლების დანგრევაში მაგრები არიან, მაგარ ფულს აკეთებენ, თან გაყიდიან. აგერ თბილისში ნაძალადევის მეტროსთან ორი უზარმაზარი სკოლა დაანგრიეს, ძალიან წესიერი და ნორმალური სკოლები. სამაგიეროდ, გაყიდიან ან ხელახლა აშენებენ, ფულის "მოტეხვა" უნდათ და ეგ არის. თან იმის იმედიც აქვთ, რომ ბავშვები აღარ არიან, შობადობა შემცირდა და სკოლა ვის, რაში სჭირდება, არ ჯობია რომ გაყიდონ ადგილი?“

კიდევ ერთ კონკრეტულ მაგალითზე მოგიყვებით, მეჯვრისხეველი ბავშვები უკვე მესამე წელია 20 კილომეტრში მდებარე სკოლაში დადიან. სასწავლო პროცესი არაერთი წელია რაც შეჩერებულია, სარემონტო სამუშაოები კი სკოლაში სამი წელია, რაც მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ისევ არავინ იცის, როდის შევა ექსპლუატაციაში საჯარო სკოლის შენობა. ასევე, ცალკე მდგომ შენობაში განთავსებული სპორტული დარბაზი ამორტიზებულია. მშობლებს ეუბნებიან, რომ ის ჯერ უნდა დაინგრეს და შემდგომ ხელახლა აშენდეს. სკოლის ეზოც იმდენად გადათხრილი და მოუწესრიგებელია, რომ სახიფათოა ბავშვებისთვის. მშობლებს აღარ აქვთ მოლოდინი, რომ დაპირებისამებრ სწავლა მიმდინარე წელს განახლდება. ამ ყოველივეს ემატება ისიც, რომ მეჯვრისხეველი ბავშვები მიმკედლებელ სკოლაში მაშინ იწყებენ სწავლას, როდესაც იმ სკოლის ბავშვებს სასწავლო პროცესი უსრულდებათ. ამის გამო გვიან ღამემდე ვერ ახერხებენ სახლებში დაბრუნებას, ვერ ასწრებენ ხარისხიანად მეცადინეობას, მოწყვეტილები არიან სხვა ყველა აქტივობას და წრეებს. არც მასპინძელი სკოლაა ადაპტირებული ორმაგი დატვირთვით მუშაობაზე და მოსწავლეთა ორმაგი რაოდენობის მიღებაზე. თებერვლის თვეში სწორედ ამ სკოლის შესახებ დავუსვი კითხვები ირაკლი კობახიძეს, სანამ დამტკიცდებოდა პრემიერის პოსტზე, განათლების მინისტრს, თვე-ნახევრის შემდგომ კი შემატყობინეს, რომ სკოლის სარემონტო სამუშაოები განახლდა, თუმცა ფაქტია, რომ პროცესი არაერთი თვით გაჭიანურდა და დასასრულისკენ დასასრულს როდის მიუახლოვდება არც არავინ იცის“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

მისი თქმით, როგორც საქართველოს პარლამენტის „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის“ წევრმა, არაერთი წერილით მიმართა სამინისტროს სარეაბილიტაციოდ გამზადებულ და დაკეტილ საჯარო სკოლებთან დაკავშირებით.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განმარტებით სკოლები სარეაბილიტაციოდაა გამზადებული, თუმცა ფაქტია, რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე წლის გასვლის შემდგომაც არ დაწყებულა. ამ პერიოდის განმავლობაში სხვა სკოლას მიკედლებულ ბავშვებს უტარდებათ 30 წუთიანი გაკვეთილები, ნაწილი ონლაინ სწავლების საშუალებით და ამ ყოველივესთან ერთად, ბავშვებს სრულად აქვთ არეული საგაკვეთილო პროცესი.

მრავალშვილიანი მშობლები დამატებითი გამოწვევის წინაშე დგანან, რადგან თითოეულ ბავშვს სხვადასხვა ცვლაში უწევთ ყოველდღიურად სწავლის დაწყება, შესაბამისად, მშობლების წუხილს, რომ ბავშვები ვერ იღებენ ხარისხიან ცოდნას სკოლაში, ემატება ყოველდღიურ რეჟიმში ბავშვების სკოლაში მიყვანისა და წამოყვანის დროის რეგულირება.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ იანვარში პარლამენტის წევრის კითხვით, სამინისტროს მივმართე. მაინტერესებდა, რამდენი სკოლა იყო გამზადებული სარეაბილიტაციოდ და დროის რა მონაკვეთში იგეგმებოდა თითოეული სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროცესი. სამინისტროსგან მივიღე ასეთი პასუხი, რომ 2023-2026 წლებში ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი ხორციელდება ეტაპებად. დღეის მდგომარეობით, 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის დასრულებულია ყველა სატენდერო პროცედურა და გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებები. ამასთან, მომდევნო ეტაპების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის შერჩეული საჯარო სკოლების იდენტიფიცირება განხორციელდება სატენდერო პროცედურების დასრულებისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდგომო.

რამდენადაც სამინისტროსგან ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი თითოეული სკოლის დასახელებისა და მათი რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული ვადის მითითებით, დამატებით გავგზავნე კითხვების სამინისტროს სახელზე, რაზეც მივიღე ასეთი პასუხი „2023-2026 წლებში დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით ჯამში, 800-მდე საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია, რომლის სატენდერო პროცედურები აღნიშნული პერიოდის ფარგლებში განხორციელდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციები ასევე ხორციელდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისა და თავად საჯარო სკოლების მიერ“.

სამინისტრო წერილებში გვარწმუნებს, რომ პროცესები ადმინისტრირებულია ისე, რომ გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები და მოთხოვნები უსაფრთხო სასწავლო გარემოს ორგანიზებასთან დაკავშირებით. ასევე, სამინისტროს განმარტებით სკოლების მიერ მოსწავლეებისთვის შეთავაზებულია სასკოლო, საკლასო თუ არაფორმალური განათლების აქტივობები.

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო,“- სამწუხაროდ კარგად ერგება აღნიშნულ შემთხვევას. სამინისტროს მხოლოდ სანახევროდ გასცა პასუხი, ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს, თუმცა ფაქტია, რომ ის სათანადოდ ვერ უძღვება და ვერ უზრუნველყოფს მის მართვაში არსებულ საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების სათანადოდ კონტროლს. 2023-2026 წლებში გეგმავს 800-ამდე სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას, მაშინ როდესაც 2023 წლამდე დანგრეული და დაკეტილი სკოლებისთვის ვერ მოუვლია. მთელ ამ პროცესში კი მშობლებისა და მოსწავლეების ინტერესები ილახება. ასობით სკოლის მოსწავლე, წლების განმავლობაში შეხიზნულია სხვა სკოლაში, ვერ იღებს ხარისხიან განათლებას, რაც უპირველესი და უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის“,- აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.

ინფორმაციას პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.