აფხაზეთის ოპოზიცია ასლან ბჟანიასგან უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს

აფხაზეთის ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიისგან ე.წ. პარლამენტიდან უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას ითხოვს. ამის შესახებ აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანებების ერთობლივ რეზოლუციაში წერია, რასაც “ინტერფაქსი” ავრცელებს.

ოპოზიციის მტკიცებით, ეს „კანონპროექტი“ მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებას ზღუდავს.

„მოვითხოვთ, რომ აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიამ ათი დღის ვადაში მიიღოს საჯარო გადაწყვეტილება და უარი თქვას ანტიხალხურ ინიციატივებსა და კანონპროექტებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ეროვნულ ინტერესებს, კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებას,“ - წერია დოკუმენტში.

“ეროვნული ერთიანობის ფორუმის” თავმჯდომარე ასლან ბარციცი ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს განმარტავს, რომ ოპოზიცია დე ფაქტო მთავრობისგან ე.წ. პარლამენტში შეტანილი კანონპროექტებიდან როგორც „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ,“ ისე გასაქირავებელი ბინებისა და აპარტოტელების საკანონმდებლო რეგულირების, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში იმ ცვლილებების კანონპროექტის გაუქმებას ითხოვს, რომელიც ცილისწამებისთვის ჯარიმებს ამკაცრებს.

ერთობლივ რეზოლუციაში წერია, რომ ამ მოთხოვნის უგულებელყოფის შემთხვევაში ოპოზიციის აქტივისტები უახლოეს მომავალში აფხაზეთში ეროვნულ კრებას მოიწვევენ.

ცნობისთვის: „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ“ კანონპროექტი ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტს 7 თებერვალს წარუდგინა. მასში წერია, რომ „არაკომერციული ორგანიზაციები და ფიზიკური პირები აღიარებულ იქნებიან უცხო ქვეყნის აგენტის ფუნქციების შემსრულებლად, თუ ისინი სახსრებს ან სხვა ქონებას უცხოური წყაროებიდან იღებენ და აფხაზეთის ტერიტორიაზე პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობენ.”

მოამზადა ლადო სულაბერიძემ