„ნებისმიერ თანხას შეეხება ცვლილება - დავალიანება ძირითადად ავტომატურად ჩამოიწერება“

145 ათას ფიზიკურ პირს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საურავების ჩათვლით, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ ავტომატურად ჩამოეწერება, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსმა ლევან გობეჩიამ განაცხადა.

როგორც გობეჩიამ აღნიშნა, დავალიანების ჩამოწერისთვის რიგ შემთხვევებში მოქალაქეს შესაძლოა, შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვა დასჭირდეს.

„დავალიანების ჩამოწერა ძირითადად შემთხვევაში მოხდება ავტომატურად. როდესაც კანონი დამტკიცდება, შემოსავლების სამსახური დამატებით მიაწვდის გადამხდელებს ინფორმაციას, თუ იქნება მათი მხრიდან რაიმე ქმედება საჭირო. რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო გახდეს გადამხდელის მომართვა“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება იმ პირებს, ვისაც 2021 წლამდე დაკისრებულ გადასახადებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა აქვთ, დავის დასრულების შემდეგ ჩამოეწერებათ საგადასახადო დავალიანება.

„მცირე რაოდენობა არის ისეთი გადამხდელების, ვისი დავა შეიძლება კვლავ მიმდინარეობდეს. როდესაც დავა დასრულდება და დავალიანების აღიარება მოხდება, ჩამოწერა შესაძლებელი იქნება ამის შემდეგ“, - ამბობს გობეჩია.

აღსანიშნავია ისიც, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერისთვის მინიმალური ან მაქსიმალური თანხის ოდენობა განსაზღვრული არ არის.

„ნებისმიერი თანხას შეეხება ცვლილებები. გადასახადის ჩამოწერის შემდეგ, როდესაც გადამხდელს სრულად გაუნულდება დავალიანება და არ ექნება ვალი, იძულებითი ღონისძიებები გაუქმდება და მიეცემა მეორე შანსი იმისა, რომ ხელახლა განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა, წამოიწყოს ბიზნესი, ბანკში გახსნას ანგარიში, რაც ახლა შეზღუდული აქვს“, - განაცხადა ლევან გობეჩიამ.

შეგახსენებთ, 145 ათას ფიზიკურ პირსა და ინდ. მეწარმეს 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოეწერება. საუბარია 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილ და გადაუხდელ, აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

იხილეთ ასევე: „მიწის და ქონების გადასახადი“ - რა სახის დავალიანება ჩამოეწერება 145 ათას ფიზიკურ პირს

მერი ტაბატაძე