მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანა საბაჟო გამშვებ პუნქტში “ყაზბეგი“ აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა: - 40 000 000 რუსული რუბლი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 1 164 000 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, საქონლის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.