„მცდარია, რომ არასამთავრობო სექტორი რამეს მალავს - ფინანსური გამჭვირვალობის პრობლემა არ გვაქვს“

„მცდარია, რომ არასამთავრობო სექტორი რაღაცას მალავს ან ვერ ასაბუთებს“, - ასე ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას „საქართველოს მწვანეების-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტავს, რომ საქართველოს კორუფციასა თუ შავის ფულის ბრუნვასთან დაკავშირებით არაერთი კანონი გააჩნია, რომელთა შესაბამისად ამოქმედებაც შესაძლებელია. შესაბამისად, გამჭვირვალობის მიზნით, რაიმე ახალი კანონის მიღების აუცილებლობა არ არსებობს.

„შავი ფულის ბრუნვასთან დაკავშირებით საქართველოს გააჩნია კანონმდებლობა. თუ იმ კანონს ვერ ვამუშავებთ, ვთქვათ, რომ უსუსური გვყავს სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ამაზე არიან პასუხისმგებლები. თუ ეხება ეს კორუფციას, კორუფციის შესახებ ძალიან დიდი რაოდენობა კანონმდებლობა გვაქვს. როდესაც მე მეუბნება სახელმწიფო მოხელე ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომ არ აკეთებს დეკლარირებას მაშინ, როცა ეს მას ევალება, არასამთავრობო სექტორს დეკლარირებას ნუ მოვთხოვთ იმიტომ, რომ ისედაც აკეთებს ამას“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროს, ჩხობაძის განაცხადებით, აღნიშნული შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა. სექტორში არსებული ფინანსური გადარიცხვებისა თუ დონორების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე უწყება ერთდროულად ფლობს. შესაბამისად, ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კითხვები არ არსებობს.

„გაუმჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. რამდენი სისტემაა ჩართული იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ გამჭვირვალე - საგადასახადო სისტემა, იუსტიციის სახლი, საბანკო სისტემა, რომელიც ნებისმიერ გადარიცხვას აკონტროლებს და კონტრაქტებიც კი, რომელიც არის დონორისგან მიღებული, ყველა უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა იყოს ნათელი საბანკო სისტემისთვის“, - ამბობს ჩხობაძე.

შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ ერთი წლის შემდეგ კვლავ დააინიცირა. აღსანიშნავია ისიც, რომ 15 აპრილს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს. მოსმენის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილია საპროტესტო აქცია.

ცნობისთვის, საქართველოში რეგისტრირებულია 36 000-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია.

მერი ტაბატაძე