რომელ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს უჩიოდნენ ყველაზე ხშირად და რა მიზეზით

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს სატელეკომუნიკაციო კომპანიების წინააღმდეგ ჯამში 1 572 საჩივარი დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე ბევრი, 309 საჩივარი შევიდა სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ. საჩივრები ძირითადად ეხებოდა ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირების დაზიანებას და მომსახურების შეწყვეტა/შეზღუდვას, უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებასა და მომხმარებელთა არასათანადო ინფორმირებას.

269 საჩივარი აღირიცხა შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ, რომელთა უდიდესი ნაწილი ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირების დაზიანებას და მომსახურების შეწყვეტა/შეზღუდვას, უხარისხო მომსახურებასა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების თაობაზე მოთხოვნის დაყოვნება/დაუკმაყოფილებლობას უკავშირდებოდა.

„სილქნეტსა“ და „მაგთიკომს“ საჩივრების რეიტინგში შპს „სელფი მობაილი“ მოსდევს 117 საჩივრით. ამ შემთხვევაში საჩივრების ტიპები ასე გადანაწილდა: უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურება, ასევე სავადო დავალიანებების და საფასურის დარიცხვის სისწორე.

მეოთხე ადგილზეა შპს „სქაიტელი“ 64 საჩივრით. კომპანიას ძირითადად უხარისხო მომსახურების და საკომუნიკაციო კავშირების დაზიანების გამო, მომსახურების შეწყვეტა/შეზღუდვისთვის უჩიოდნენ.

დაზიანების გამო, მომსახურების შეწყვეტა/შეზღუდვისა და საფასურის დარიცხვის სისწორის მიზეზით უჩიოდნენ შპს „ახალ ქსელებს“. მის წინააღმდეგ მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობამ 21 შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1572 საჩივრიდან 1438 სრულად, 41 კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, 93 შემთხვევაში დარღვევა არ გამოიკვეთა.

მერი ტაბატაძე