აქტაუმ შუა დერეფნით კონტეინერების გადაზიდვა 85%-ით გაზარდა

ყაზახეთის აქტაუს საზღვაო პორტმა პირველ კვარტალში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) გასწვრივ კონტეინერების გადაზიდვა 85%-ით გაზარდა. ინფორმაციას ყაზახეთის რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, იანვარ-მარტში აქტაუს საზღვაო პორტის გავლით ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1,1 მლნ ტონას გადააჭარბა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით მეტია.

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში პორტმა 24 ათასი ტონა მარცვლეულისა და 920 ათას ტონაზე მეტი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა უზრუნველყო.

პირველ კვარტალში პორტმა ოცფუტიანი ეკვივალენტის (TEU) 7,4 ათასზე მეტი კონტეინერი დაამუშავა, რაც, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 33%-ით მეტია. აქედან 6,4 ათას TEU-ზე მეტი კონტეინერი ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის გავლით იქნა ტრანსპორტირებული. ეს მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 85%-ით მეტია.

ცნობისთვის: შუა დერეფანი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, შემდეგ კი თურქეთისა და ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე გადის.

ყაზახეთის რკინიგზის მონაცემებით, 2023 წელს ამ მარშრუტით 2,7 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც, 2022 წელთან შედარებით, 86%-ით მეტი იყო.

მიმდინარე წლის გრძელვადიანი გეგმა, დაახლოებით, 4 მლნ ტონა ტვირთის ტრასპორტირებას გულისხმობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ