პაკისტანიდან იმპორტი ექსპორტს 8-ჯერ აღემატება - რას ვყიდით და ვყიდულობთ

საქართველოსა და პაკისტანს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. შეთანხმება შეეხება იმ მოქალაქეთა მიმოსვლას, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს. როგორც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, აღნიშნული შეთანხმება ძალაში 2024 წლის 2 აპრილიდან შევიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა სავაჭრო ურთიერთობა აქვს საქართველოს პაკისტანთან.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 1.516 მლნ დოლარი იყო, აქედან ექსპორტი შეადგენდა 169.46 ათას დოლარს, იმპორტი კი 1.346 მლნ დოლარს.

ტოპ-5 პროდუქტი, რასაც პაკისტანში ვყიდულობთ:

  • ბრინჯი - 807.9 ათასი დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 134.2 ათასი დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 69.53 ათასი დოლარი
  • ქსოვილები სინთეზური კომპლექსური ძაფისაგან - 61.78 ათასი დოლარი
  • ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა - 61.47 ათასი დოლარი

რაც შეეხება ექსპორტს, წელს ორ თვეში პაკისტანში ექსპორტზე მხოლოდ სამი პროდუქტი გავიდა, მათ შორის, რკინიგზის ან ტრამვაის ლოკომოტივების ან მოძრავი შემადგენლობის ნაწილები - 161.1 ათასი დოლარის ღირებულების, ლილვები ტრანსმისიური და მრუდმხარები - 8.28 ათასი დოლარის და ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 0.08 ათასი დოლარის ღირებულების.

2023 წლის სრული მონაცემებით კი, შარშან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 7.334 მლნ დოლარს შეადგენდა, საიდანაც ექსპორტის მოცულობა იყო 851.8 ათასი დოლარი, იმპორტის კი 6.482 მლნ დოლარი.