ესტონეთი „ლიმონათის გადასახადს“ აწესებს

ესტონეთის მთავრობამ შაქრიან სასმელებზე ე.წ. ლიმონათის გადასახადის კანონპროექტი დაამტკიცა.

გადასახადის ოდენობა პროდუქტში შაქრის შემცველობაზე და დამატკბობლების გამოყენებაზე არის დამოკიდებული. კერძოდ, 100 მილილიტრ სასმელზე 5 გრამზე მეტი შაქრის შემცველი სასმელები დაიბეგრება. სასმელები, რომლებიც 5-დან 8 გრამ შაქარს შეიცავს, ლიტრზე 0,15 ევროთი იბეგრება.

100 მილილიტრ სასმელზე 8 გრამზე მეტი შაქრის შემცველობის სასმელი ლიტრზე 0,45 ევროთი იბეგრება, ხოლო სასმელი, რომელიც 100 მილილიტრზე მხოლოდ დამატკბობელს (რაოდენობის მიუხედავად) ან როგორც დამატკბობელს, ასევე, 5 გრამზე ნაკლებ შაქარს შეიცავს, ლიტრზე 0.15 ევროთი დაიბეგრება.

საკვებ დანამატებად გამოყენებული სითხეები შაქრიან სასმელებად არ ითვლება. ამასთან, გადასახადისგან თავისუფლდება ხილის, კენკრისა და ბოსტნეულის წვენები, რომლებსაც შაქარი ან დამატკბობელი დამატებული არ აქვთ, ასევე, რძე, რძის პროდუქტები და რძეს ჩანაცვლებული მცენარეული სასმელები.

პრემიერ-მინისტრ კაია კალასის განცხადებით, „გადასახადის შემოღება მიზნად ისახავს ხალხის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და მოქალაქეების წახალისებას, რომ სასმელები შაქრის დაბალი შემცველობით ან შაქრისა და დამატკბობლების გარეშე მოიხმარონ.“

თუ პარლამენტი ამ კანონს დაამტკიცებს, ის ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ