საქართველოში ყურძნის წარმოება 22.2%-ით შემცირდა - ქვეყანაში იმპორტი გაზრდილია

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს, გასულ წელთან შედარებით, ყურძნის წარმოება 22.2%-ით შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 223.4 ათასი ტონა ყურძენი არის წარმოებული, ხოლო 2022 წელს 287.3 ათასი ტონა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2023 წელს შემცირებულია როგორც თეთრი, ასევე წითელი ყურძნის წარმოება. მაგალითად, გასულ წელს თუ ქვეყანაში ჯამში 137.8 ათასი ტონა ყურძენი აწარმოეს, 2022 წელს მაჩვენებელი 195.9 ათას ტონას შეადგენდა. ეს ნიშნავს იმას, რომ თეთრი ყურძნის წარმოება 29.7%-ით შემცირდა.

რაც შეეხება წითელ ყურძენს, საანგარიშო პერიოდში წარმოება შემცირებულია 6.2%-ით. მაშინ, როცა 2023 წელს საქართველოში წარმოებული იყო 85.7 ათასი ტონა წითელი ყურძენი, 2022 წელს მაჩვენებელი 91.4 ათასი ტონას გაუტოლდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ყურძნის იმპორტი 49%-ით გაიზარდა. კერძოდ, ბოლო ორ წელში სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 2022 წელი - 2,564 მლნ დოლარის 2,766 ტონა
  • 2023 წელი - 3,828 მლნ დოლარის 3,845 ტონა

იმპორტისგან განსხვავებით, საანგარიშო პერიოდში ქართული ყურძნის ექსპორტი 31%-ით შემცირდა. 2022-2023 წლებში ყურძნის ადგილობრივი ექსპორტი შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • 2022 წელი - 1,286 მლნ დოლარის 1,475 ტონა
  • 2023 წელი - 885 ათასი დოლარის 748 ტონა

მერი ტაბატაძე