„დავალიანებები ჩამოიწერება და ინდ. მეწარმეები ოპერირების ნაწილში უფრო თავისუფლები გახდებიან“

იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და აღიარებული საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი შეზღუდვები მოეხსნებათ.

როგორც „ბიზნესპრენიუსთან“ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე აცხადებს, დავალიანების ანულირების შემდეგ, ინდ. მეწარმეებს მოეხსნებათ აქტივების გაფორმებაზე შეზღუდვა და საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

„ცვლილება შეეხება ბიზნესის ნაწილში ინდ. მეწარმეებს, იმიტომ, რომ მარტო ფიზიკურ პირებზეა ცვლილება. როდესაც ინდ. მეწარმეს აქვს საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ვერ ახდენს ოპერირებას, ბევრი პრობლემა მოდის აქტივების გადაფორმებაზე, მოქმედებს ეს მის საქმიანობაზე. ეს დავალიანებები ჩამოიწერება და უფრო თავისუფლები გახდებიან ოპერირების ნაწილში“, - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

საგადასახადო დავალიანებაზე ამნისტია საქართველოში სულ რამდენჯერმე განხორციელებულა. როგორც ჭელიძე ამბობს, აქამდე არსებულ ცვლილებებში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებიც (შპს) იყვნენ გათვალისწინებულები, თუმცა ამჯერად ვერ მოხვდნენ.

„ადრე შპს-ებიც იყო და ამას ჰქონდა შესაბამისი დადებითი ეფექტი. როდესაც გაჩერებული ხარ დავალიანების გამო, შპს-ს აფუძნებ სხვის სახელზე და ისე აგრძელებ საქმიანობას. ძველად ცვლილებებმა საჭიროება ამის შეამცირა“, - აღნიშნა მიხეილ ჭელიძემ.

როგორც ჭელიძემ განმარტა, შპს-ების მიმართ არსებობს საგადასახადო დავალიანების გადავადების მექანიზმები, რომლებიც ბიზნესს საგადასახადო წნეხს უმსუბუქებს.

შეგახსენებთ, 145 ათას ფიზიკურ პირსა და ინდ. მეწარმეს 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოეწერება. საუბარია 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილ და გადაუხდელ, აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

იხილეთ ასევე: „ნებისმიერ თანხას შეეხება ცვლილება - დავალიანება ძირითადად ავტომატურად ჩამოიწერება“

რომელი გადასახადები ჩამოგეჭრებათ? - ფინანსური ამნისტიით 145 ათასი ადამიანი ისარგებლებს

მერი ტაბატაძე