ევროპის მაღაზიებში ხილის სკანერები გამოჩნდა

ევროპის მასშტაბით, სუპერმარკეტებში ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერილი სკანერები გამოჩნდა, რომლის დახმარებითაც მყიდველს შესაძლებლობა ეძლევა, ხილის სიმწიფის შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

სახელწოდებით OneThird მოწყობილობები უკვე დამონტაჟდა ნიდერლანდების, შვეიცარიის და ესპანეთის ზოგიერთ მაღაზიაში. ხოლო, გერმანია საპილოტე ვერსიის განხორციელებას მომდევნო რამდენიმე კვირაში დაიწყებს.

ამ ეტაპზე, სკანერების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ავოკადოს სიმწიფის დასადგენად, მაგრამ იგეგმება, რომ მოწყობილობა დაპროგრამდეს და სხვა ხილის, მაგალითად, მანგოს, ნესვის, კივის შემოწმებაც გახდეს შესაძლებელი.

ახალ მოწყობილობას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა, მის მიმართ ინტერესი დიდია თუმცა, ზოგიერთი საცალო ვაჭრობის წარმომადგენელი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ მყიდველები შემოწმების პროცესში ხილს აზიანებენ, რაც შემდგომ მათ რეალიზაციას ხელს უშლის.

ზოგიერთ ქსელში კი აცხადებენ, რომ ხილის ტესტირება მომხმარებლებს მოსწონთ, რამაც ავოკადოს მიმართ ინტერესი და გაყიდვები გაზარდა.

ნინი ქეთელაური