6 ხარვეზი, რომელიც აუდიტის სამსახურმა დაწყებითი სამხედრო განათლების მიღების პროცესში გამოავლინა

სამხედრო განათლების მიმართულებით უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა სხვადასხვა რეფორმა, რომლებიც საქართველოში თანამედროვე მოთხოვნებთან თავსებადი, მაღალპროფესიული, ბრძოლისუნარიანი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

თუმცა, სამხედრო განათლების სისტემის აუდიტის ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა, სხვადასხვა ხარვეზი გამოვლინდა.

დაწყებითი სამხედრო განათლების მიღების პროცესში გამოვლინდა რამდენიმე ძირითადი ნაკლოვანება და გამოწვევა, კერძოდ:

  • ლიცეუმის წესდებით მკაფიოდ არ არის გაცხადებული მისი მთავარი დანიშნულება − მოამზადოს მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში შემდგომი სწავლისთვის და საქართველოს თავდაცვის ძალებში მომავალი კარიერისთვის, რაც რეალურად სამხედრო სკოლის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, კადეტის მიერ პირველადი სამხედრო ცოდნისა და უნარების შეძენასთან ერთად.
  • არსებული ლოჯისტიკური რესურსიდან გამომდინარე, ლიცეუმი ახორციელებს მსურველთა, საშუალოდ, მხოლოდ 30%-ის მიღებას.
  • 2017-2020 წლების ანალიზის შედეგად, ჩარიცხული მოსწავლეებიდან სწავლების სხვადასხვა ეტაპზე საშუალოდ 40%-მა შეწყვიტა სწავლა და ამოირიცხა ლიცეუმიდან.
  • ლიცეუმდამთავრებულ აბიტურიენტთა საშუალოდ 50-60% აგრძელებს სწავლას სხვადასხვა სასწავლებელში და არა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. ამასთანავე, 2016, 2017, 2018 წლებში კადეტთა სამხედრო ლიცეუმდამთავრებული 215 კადეტიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩაირიცხა − 103 (48%). აქედან, აკადემია დაასრულა 59-მა პირმა (57%), რომელთაგან დღეის მდგომარეობით თავდაცვის ძალებში ირიცხება 50 ოფიცერი. აღნიშნული მაჩვენებლები არ არის ეფექტიანი და ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს სამოქმედო გეგმებით დასახული მიზნების მიღწევას.
  • კადეტებისთვის არ არის შემუშავებული და დანერგილი შესაბამისი შეღავათები/სარგებელი, გააგრძელონ სწავლა სამხედრო მიმართულებით ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
  • ლიცეუმს ოფიციალურად არ აქვს ინფორმაცია კადეტების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებისა და შესაბამის უნივერსიტეტებში მოხვედრის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია ლიცეუმში სასწავლო პროცესის ეფექტიანი მართვის ხელშეწყობისთვის.

აუდიტის შედეგად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას, განათლების სისტემების ხარისხობრივ გაუმჯობესებას და გაზრდის აღნიშნული სისტემის ეფექტიანობას.

ეკა დარჩიაშვილი