"კეთილი ინებე და იქ კი ნუ ეუბნები შოლცს, რომ მე მინდა გამჭვირვალობა თქვენ ფულზე, უთხარი, რომ გამჭვირვალობა გვინდა ჩვენს მოსამართლეებზე"

კეთილი ინებე და იქ კი ნუ ეუბნები შოლცს, რომ მე მინდა გამჭვირვალობა თქვენ ფულზე, უთხარი, რომ გამჭვირვალობა გვინდა ჩვენს მოსამართლეებზე, ჩვენს ყოფილ პრემიერზე თუ მომავალ პრემიერზე, ცესკოს თავმჯდომარეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, გამჭვირვალობაზე საუბრისას თუ გელათის სამონასტრო კომპლექსის მაგალითს განიხილავთ, „ამერიკელები იხდიდნენ, მაგრამ თაღლითობა ქართველებმა ჩაიდინეს და ამისთვის ჯერ არავინ არ დასჯილა“.

„[ამბობენ] „არა ვეტინგი, რა ვეტინგი“, ამ დროს არავის არ უთქვამს ჯერ, როგორი ვეტინგი და არავის არ მოუთხოვია, მაგრამ [საუბრობენ] წინასწარ, რომ რამე არ მოუვიდეთ ამ საყვარელ მოსამართლეებს და მათ სასახლეებს თუ სახლებს. როგორ არა ვეტინგი, როცა შენ გინდა გამჭვირვალობა? კეთილი ინებე და იქ კი ნუ ეუბნები შოლცს, რომ „მე მინდა გამჭვირვალობა თქვენ ფულზე, უთხარი, რომ გამჭვირვალობა გვინდა ჩვენს მოსამართლეებზე, ჩვენს ყოფილ პრემიერზე თუ მომავალ პრემიერზე, ცესკოს თავმჯდომარეზე, რომელიც ახლა ინიშნება და თურმე კაპიტალს აგროვებს. 60 წელია ვმუშაობ სხვადასხვა დონის თანამდებობაზე აქ, უცხოეთში და კაპიტალის ამ ფორმით მოგროვება ვერ შევძელი ჯერ, მაგრამ ამათმა იციან. ეს არის ის გამჭვირვალობა, რომელიც მართლაცაა დემოკრატიის ნაწილი და რომელსაც ელოდება ჩვენი საზოგადოება. შენ თხოვ გამჭვირვალობას უცხოელებს, რომლებმაც შემოიტანეს ამ ქვეყანაში 30 მილიარდი, თუ მეტი არა, რომელიც მოხმარდა ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, განათლებას, სკოლებს. აქ გინდა გამჭვირვალობა?“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.