მანანა კობახიძე - ჩინეთი არის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ჩენ ჩანგჭის შეხვდა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია დაესწრნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

მისივე თქმით, ჩინეთთან ურთიერთობები განსაკუთრებით გაღრმავდა ბოლო პერიოდში.

"ეს იყო ბოლო 13 წლის განმავლობაში განხორციელებული ასეთი მაღალი დონის ვიზიტი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ორივე ქვეყანა დაინტერესებულია ურთიერთობების გაღრმავებაში. შეიძლება ითქვას, ჩინეთი არის ყველაზე დიდი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორი. მათი მხრიდან გამოითქვა სურვილები, რომ გაძლიერდეს ეს ურთიერთობა იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ახალი აბრეშუმის გზის სარტყელის პროექტს, რაშიც საქართველო ჩინეთთან ერთად აქტიურად მონაწილეობს. სწორედ ამ მიზნით, სექტემბერში ჩინეთში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და სწორედ ამ ვიზიტის დეტალებზეც იყო საუბარი შეხვედრაზე", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოქტომბერში საქართველო იქნება მასპინძელი ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმის, რომელიც სწორედ აბრეშუმის გზის პროექტს უკავშირდება. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური მხარის მიერ ძალიან დიდი ინტერესი იქნა გამოხატული.

"ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოში არის მიმზიდველი გარემო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის და სამხრეთ კავკასიაში საქართველო წარმოადგენს ჩინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანას", - განაცხადა მანანა კობახიძემ. მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, ბოლო წლებში აშკარად შეიმჩნევა თანამშრომლობის ინტენსივობის გაზრდა ყველა მიმართულებით. მისივე თქმით, ჩინეთი არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა 23 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა და დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

"ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც მსოფლიო მეორე ეკონომიკის ქვეყანა ასეთი ინტერესით ეკიდება საქართველოსთან თანამშრომლობას", - განაცხადა ჯალაღანიამ და აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ნათლად მეტყველებს, რომ ხარისხობრივად ახალ დონეზეა ასული ურთიერთობები.