ირანი ემუქრება ყველა ქვეყანას, რომელიც ისრაელს მასზე თავდასხმისთვის საჰაერო სივრცეს გაუხსნის

ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის გამო, ერაყის შემდეგ, თავის საჰაერო სივრცეს დროებით ლიბანიც ხურავს. ლიბანის საჯარო სამუშაოებისა და ტრანსპორტის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე ჩაიკეტება ყველა შემომავალი, მიმავალი და სატრანზიტო ფრენისთვის ადგილობრივი დროით 01:00 საათიდან კვირის 07:00 საათამდე.

The times of Isarael-ის ინფორმაციით, ქუვეითის ავიახაზების იუწყება, რომ უსაფრთხოების მიზნით, „დაძაბულობის ზონიდან“ ყველა ფრენას გადაიტანს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ირანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უპასუხებენ ყველა ქვეყანას, რომელიც „გახსნის თავის საჰაერო სივრცეს ირანზე ისრაელის თავდასხმისთვის“.

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელზე დრონებით თავდასხმა დაიწყო. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ისრაელის თავდაცვის უწყებამ. ამასთანავე, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თეირანმა ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა ისრაელის მიმართულებით, თუმცა ისრაელმა აღნიშნული არ დაადასტურა.

ასევე, ისრაელი საჰაერო სივრცეს ხურავს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ფრენებისთვის, თუმცა როდემდე, ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ ავრცელებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის.

მერი ტაბატაძე