რა უნდა გაითვალისწინოთ ევროპის ჩემპიონატის ბილეთების ყიდვისას

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დღეს, 13:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა უეფას შესაბამის ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი - https://www.uefa.com/euro2024/ticketing/.

იმისთვის, რომ პორტალზე შეხვიდეთ, საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. ამასთან, სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.

ეროვნული ნაკრების განმარტებით, ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება. სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად კი თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს.

რაც შეეხება ბილეთების კატეგორიას, ხელმისაწვდომი იქნება ოთხი:

  • პირველი კატეგორია - 200 ევრო
  • მეორე კატეგორია - 150 ევრო
  • მესამე კატეგორია - 60 ევრო
  • მეოთხე კატეგორია - 30 ევრო

საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციის თანახმად, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარათებით (VISA ან Mastercard).

"საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებთ",- განმარტავს საქართველოს ეროვნული ნაკრები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს, 18 ივნისს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 22 ივნისს - ჰამბურგში ჩეხეთს, 26 ივნისს კი, გელზენკირხენში, პორტუგალიას.

ნინი ქეთელაური