„მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰყავდეს თავისი ავიაკომპანია - რატომაც არ უნდა ჩაერთოს საპენსიო ფონდი ამ პროექტში?“

ტურისტული სააგენტო „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი და გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი, მამუკა კელაურაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ დადებითად აფასებს ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილებას. თუმცა, აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ის, თუ რომელი ავიაკომპანიები განახორციელებენ ფრენებს და საფასო კატეგორია როგორი იქნება.

მანვე აღნიშნა, რომ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს თავისი ავიაკომპანია. კელაურაძე აღნიშნავს, რომ ამ პროექტის წამოწყება შესაძლებელია სხვადასხვა გზით, მათ შორის საპენსიო ფონდის საშუალებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს თავისი ავიაკომპანიები. ისე, როგორც თავის დროზე თურქეთის ავიახაზებმა გააკეთა და შექმნა „თურქიშ ეარლაინსი“, რომელიც თავდაპირველად იყო სახელმწიფო ავიაკომპანია, ახლა არის ნახევრად სახელმწიფო და ნახევრად კერძო. მათ ოპერირება დაიწყეს რამდენიმე თვითმფრინავით და ახლა რამხელა „მონსტრია“, ხომ წარმოგიდგენიათ.

ვფიქრობ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენ გვყავდეს ქართული ავიაკომპანია, თავიდან სახელმწიფოს მმართველობაში, დროთა განმავლობაში კი შესაძლებელია, მისი გადასვლა კერძო სექტორში. ამისთვის უამრავი სხვადასხვა საშუალება არსებობს, მათ შორის, მე არ მინდა ვინმეს ჭკუა ვასწავლო, მაგრამ საპენსიო ფონდი არის რამდენიმე მილიარდი ლარი და დევს სადღაც ბანკებში, რატომაც არ უნდა ჩაერთოს საპენსიო ფონდი ამ პროექტში? იმიტომ, რომ ეს არის გრძელვადიანი და საშვილიშვილო პროექტი. წინ უნდა ვიყუროთ, ეს პროექტი უნდა იყოს საქვეყნო“, - განაცხადა მამუკა კელაურაძემ.

შეგახსენებთ, 8 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

იხილეთ ასევე: „რაში გვჭირდება 2 აეროპორტი 15 კმ-ში - ვემშვიდობებით „ტავ ურბანს“, თუ ვუგრძელებთ კაბალურ ხელშეკრულებას“

“ვაზიანში აეროპორტის ამოქმედების შემთხვევაში მის ასაფრენ-დასაფრენ კურსზე მშენებლობები დაუშვებელი იქნება”

„ამ ტერიტორიებზე დაიწყება ისეთი მშენებლობები, რომელზეც შეიძლება მანამდე არც ფიქრობდნენ“ - რა პერსპექტივებს აჩენს ვაზიანის აეროპორტი

მერი ტაბატაძე