10 ყველაზე საჭირო პროდუქტის ფასი საქართველოსა და სამეზობლოში

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი და ბელორუსი - ყველა ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სოციალური ფონი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სხვაობა მხოლოდ პენსიასა და ხელფასებშია, პროდუქტების ღირებულება კი თითქმის ისეთივეა, როგორც საქართველოში.

რა პროდუქტი სად რა ღირს, ამის გასარკვევად "ბიზნეს-რეზონანსმა" რამდენიმე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი აარჩია და მათი ფასები ექვსივე ქვეყანაში არსებულ ფასს შეადარა. აღმოჩნდა, რომ პროდუქტების ნაწილი საქართველოსთან შედარებით იაფია, ნაწილი კი -ძვირი, თუმცა უმნიშვნელოდ. მაგალითად, ავიღოთ კარტოფილი, რომელიც თუ საქართველოში საშუალოდ 0,7-1 ლარი ღირს, რუსეთში 1,30-1,60 ლარია, უკრაინაში- 1-1,5 ლარი, ბელორუსში - 1-1,2 ლარი, აზერბაიჯანში კი - 1,5-1,9 ლარი ღირს. რაც შეეხება სომხეთს, იქ ერთი კილოგრამი კარტოფილი სულ 200-250 დრამი, ანუ 0,9-1,2 ლარი ღირს.

კიდევ ერთი მოთხოვნადი პროდუქტი, ეს არის რძე, რომელიც 6 ქვეყნიდან ყველაზე იაფი უკრაინასა და სომხეთშია. უკრაინაში გლეხისგან შესასყიდი ერთი ლიტრი რძის ფასი 5 გრივნაა (54 თეთრია), ბაზარში კი ის 10-12 გრივნად (1,1-1,2 ლარად) იყიდება. ქარხნული რძის ფასი კი 1,5 ლარამდე ღირს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რძე იაფია სომხეთშიც. გლეხისგან შესასყიდი ფასი 45-დან 48 თეთრამდე მერყეობს, რასაც სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უარყოფითად აფასებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამინისტრო უახლოეს მომავალში შესყიდვის ფასის გაზრდას აპირებს. საუბარია, რომ ჩაბარების ფასი 140-150 დრამამდე, ანუ 57-60 თეთრამდე გაიზრდება.

რაც შეეხება ქარხნულ რძეს, ანუ ის, რაც თბილისში 2,8-3 ლარი ღირს, სომხეთში მისი ფასი 1,8-2 ლარის ფარგლებში მერყეობს. საქართველოში კი გლეხები ერთ ლიტრ რძეს სეზონზე საშუალოდ, 1,5 ლარად ყიდიან. საქართველოსთან შედარებით ქარხნული წარმოების რძე იაფია რუსეთშიც, იქ ერთი ლიტრი რძის ფასი 1,92-დან 2,5 ლარამდე მერყეობს, აზერბაიჯანში 3,30 ლარი ღირს, ბელორუსში კი - 3,5 ლარი.

ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი არის ზეთი, რომელიც უკრაინის შემდეგ შედარებით იაფი საქართველოშია. მაგალითად, უკრაინაში ერთი ლიტრი რაფინირებული მზესუმზირის ზეთი, საშუალოდ, 18-19 გრივნა, დაახლოებით 2-2,2 ლარი ღირს, საქართველოში კი -3-3,5 ლარი. დაახლოებით 3,5-4 ლარად შეგიძლია შეიძინო იგივე რაოდენობის ზეთი აზერბაიჯანში, ბელორუსში კი- 4-4,2 ლარად. რაც შეეხება რუსეთს, იქ ერთი ლიტრი რაფინირებული ზეთის ფასი მოსკოვში, საშუალოდ, 4,35 ლარი ღირს, დანარჩენ რუსეთში კი 3 ლარი.

კვერცხის ფასი, ბელორუსის გარდა, თითქმის ყველგან ერთნაირია. ბელორუსში ერთი კვერცხი, საშუალოდ, 20-22 თეთრი ღირს, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანში, რუსეთსა და უკრაინაში კი 28-35 თეთრს არ აღემატება.

ყოველდღიური მოხმარების პროდუქტთა სიაში ერთ-ერთი პირველია შაქარი, რომელიც ყველაზე ძვირი მოსკოვშია. იქ ერთი კილოგრამი შაქარი 50 რუბლი (დახალოებით 2 ლარი) ღირს. რამდენიმე თვის წინათ 20 გრივნა (თითქმის 2 ლარი) ღირდა შაქარი უკრაინაშიც, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ფასის შემცირების შემდეგ, უკრაინის ბაზარზე შაქრის ღირებულება 1,2-1,3 ლარი გახდა. ბოლო თვეების განმავლობაში შაქრის ფასი შემცირდა სომხეთშიც, თუ ადრე ერთი კილოგრამი შაქარი დაახლოებით 1,6-1,8 ლარი ღირდა, დღეს ერთი კილოგრამი შაქარი, საშუალოდ, 1,5 ლარი ღირს, აზერბაიჯანში - 1,45 ლარი, ბელორუსში კი - 1,55 ლარი.

შაქრის ანალოგიურად რუსეთში ძვირია პურიც. თუ საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ბელორუსში 450-500 გრამიანი პური, საშუალოდ, 70-დან 90 თეთრამდე ღირს, მოსკოვში იგივე მოცულობის პურის ყიდვა 31 რუბლად, დახალოებით 1,25 ლარადაა შესაძლებელი.

ოჯახისთვის კიდევ ერთი აუცილებელი პროდუქტი ბრინჯია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არა მარტო საქართველოში, არამედ მეზობელ 5 ქვეყანაშიც გაძვირდა. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, ბრინჯის ფასმა წინა წელთან შედარებით თითქმის 40%-ით მოიმატა. მაგალითად, აზერბაიჯანში ერთი კილოგრამი თეთრი ბრინჯი 2 მანათი (დაახლოებით 4,38 ლარი) ღირს, სომხეთში - დაახლოებით 3 ლარი, საქართველოში - 1,8-2 ლარი, უკრაინაში - დაახლოებით 2,1 ლარი, ბელორუსში კი ერთი კილოგრამი თეთრი ბრინჯის საშუალო ფასი 2,6 ლარია. ბრინჯის შეძენა ყველაზე იაფად მხოლოდ რუსეთშია შესაძლებელი. იქ ერთი კილოგრამი ბრინჯი, საშუალოდ, 1,6 ლარი ღირს, მაქსიმალური ფასი კი 1,8 ლარია.

თუკი ბრინჯი რუსეთში ყველაზე იაფია, საქონლის ხორცი ყველაზე ძვირია. მოსკოვში 1 კილოგრამი საქონლის ხორცი 571 რუბლი (დაახლოებით 23 ლარი) ღირს, დანარჩენ რუსეთში კი ერთი კილოგრამი ხორცის ყიდვა, საშუალოდ, 367 რუბლად (დაახლოებით 15 ლარადაა) შესაძლებელი. ხორცის სიძვირით ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მეორე ადგილზე აზერბაიჯანია, იქ ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ფასი 7 მანათია (დაახლოებით 15 ლარი). შემდეგი საქართველო და სომხეთია, სადაც საქონლის ხორცის ყიდვა, საშუალოდ, 11-12 ლარადაა შესაძლებელი. ბელორუსსა და უკრაინაში კი საქონლის ხორცს დაახლოებით 8-8,5 ლარად იყიდი.

საქონლის ხორცისგან განსხვავებით რუსეთში შედარებით იაფია ქათმის ხორცი, რომლის ფასი 80 რუბლიდან იწყება და 122 რუბლამდე ადის, ანუ ჩრდილოეთში ერთი კილოგრამი ქათმის ხორცი 3,2-4,9 ლარი ღირს. უკრაინაში ქათმის ხორცის ფასი 3 ლარიდან იწყება და 5,5 ლარამდე ადის, ბელორუსში მაქსიმუმი 4,9 ლარია, აზერბაიჯანში - 5,4 ლარი, სომხეთში კი - 5,2 ლარი. ყველაზე ძვირი ქათმის ხორცი საქართველოშია, აქ ერთი კილოგრამის ფასი 5,5 ლარიდან იწყება და 6 ლარამდე მატულობს.

როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, საქართველოში ზოგიერთი პროდუქტი იაფია, ზოგი კი - ძვირი. მთავარი ისაა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში პენსიაც და ხელფასიც (გარდა სომხეთისა) საქართველოსთან შედარებით მაღალია, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის მსყიდველობით უნარზეც აისახება.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"