10 000-დან 25 000 ლარამდე - რამდენით დაჯარიმდებიან მედიები და არასამთავრობოები კანონის მიღების შემთხვევაში

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა, პროტესტის ფონზე დაიწყო.

კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას გულისხმობს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს, რა დროსაც აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

ამასთან, კანონპროექტი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

რაც შეეხება სანქციებს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება, გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

პროექტი ასევე ითვალისწინებს შემდეგი სახის ჯარიმებს:

  • იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი;
  • დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი;
  • კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

შეგახსენებთ, რომ კანონის პროექტი შინაარსით, გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების ფონზე უკან გაწვევული პროექტის იდენტურია.

ნინი ქეთელაური