გარემოვაჭრეებმა თელავში გზა გადაკეტეს

დილიდან ხმაურია თელავში.

გარემოვაჭრეებმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ქუჩა რამდენჯერმე გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დღეს დილიდან საპატრულო პოლიციამ მათ გარევაჭრობა აუკრძალა, რამაც პროტესტი გამოიწვია.

გარემოვაჭრეების თქმით, მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს გარევაჭრობა წარმოადგენს და მისი აკრძალვის შემთხვევაში, ათეულობით ოჯახი შემოსავლის გარეშე რჩება. ბაზრის მიმდებარე ქუჩა საპატრულო პოლიციამ გახსნა, თუმცა გარემოვაჭრეები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებს თელავის მერის მოადგილე შეხვდა. მან გარემოვაჭრეებს ბაზრის ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართი შესთავაზა, რაზეც გარემოვაჭრეები უარს აცხადებენ. ისინი აქციების დაწყებას თელავის მერიასთან გეგმავენ.