როგორ ცხოვრობს ირანი, რომლის გამოც მსოფლიო გლობალური ომის ზღვარზეა - თეირანი რიცხვებში

როგორია იმ ქვეყნის ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობა, რომლის გამოც მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა.

ირანის ეკონომიკის, თითქმის, 60% გეგმიური ეკონომიკაა. ეკონომიკის წამყვანი დარგები ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებაა. ირანი მსოფლიოში დადასტურებული ნავთობის რეზერვების 10%-ს, ხოლო ბუნებრივი აირის რეზერვების 15%-ს ფლობს. ირანის ეკონომიკის უნიკალური დამახასიათებელი ნიშანი დიდი რელიგიური ფონდების არსებობაა, რომელთაც „ბონიადებს“ უწოდებენ. მათი საერთო ბიუჯეტი ცენტრალური სამთავრობო დანახარჯის 30%-ია.

საერთაშოირისო სავალუტო ფონდის 2023 წლის ბოლო კვარტალური მოხსენების, World Economic Outlook-ის მიხედვით, ირანის ეკონომიკა გასულ წელს 5,4%-ით გაიზარდა.

ეს მაჩვენებელი ქვეყნის 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 1,6%-ით აღემატება. ამასთან, სავალუტო ფონდის პროგნოზი ირანის წლევანდელ ეკონომიკური ზრდაზე, ასევე, გაუმჯობესდა და გასული წლის ოქტომბრის 2,5%-დან 3,8%-მდე გაიზარდა.

ირანის ეკონომიკური ზრდა გლობალური ზრდის 3,1%-მდე შენელების კონტექსტში გამოირჩევა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, განვითარებული ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 1,6% იყო, მაშინ, როცა 2022 წელს 2,6%-ს შეადგენდა, ხოლო განვითარებად ქვეყნებში 2023 წელს საშუალო ზრდამ 4,1% შეადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ირანის ეკონომიკა ამ ქვეყნების საშუალო ზრდის ტემპს აღემატება.

ფონდის მონაცემებით, ირანის მშპ 2023 წელს 366,44 მლრდ დოლარს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე 4,080 დოლარს შეადგენდა. ირანის ეკონომიკა მსოფლიოს ქვეყნებს შორის მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მშპ-ის მოცულობით მე-19 ადგილზეა, რაც 1,81 ტრლნ დოლარად არის შეფასებული.

ამ დროისთვის ქვეყნის მოსახლეობა 88, 084.648 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 44, 670.528 მამაკაცი (50.7%), 43,414.123 კი ქალია (49.3%). წელს ქვეყნიდან ემიგრაციაში 19, 784 მოქალაქე წავიდა, ხოლო მოსახლეობა 321,119 კაცით გაიზარდა.

მიმდინარე წლის დასაწყისისთვის ირანის მოსახლეობის 70.9% - 15-დან 65 წლამდე, 24.1% კი 15 წლამდე ასაკისაა, ხოლო 64 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეების რაოდენობა 5%-ს შეადგენს.

15 წელზე უფროსი ასაკის, დაახლოებით, 57,923.244 ადამიანს წერა-კითხვა ნებისმიერ ენაზე შეუძლია, რაც ზრდასრული მთლიანი მოსახლეობის 86.9%-ს შეადგენს. ზრდასრულ მამაკაცთა შორის წიგნიერების მაჩვენებელი 91,19%, ხოლო ქალებს შორის 82,52%-ია. ქვეყანაში წერა-კითხვის უცოდინარი 2,970.854 მამაკაცი, ხოლო 5,757.922 ქალია. ახალგაზრდების წიგნიერების მაჩვენებელი მამაკაცებში 98,53%-ს, ქალებში კი 98,17%-ს შეადგენს.

გასული წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ირანში 9.7%-ს, ხოლო ახალგაზრდებში 21.6%-ს შეადგენდა. დასაქმებული 24,306 მილიონი ადამიანი იყო.

2023 წელს ირანში ნედლი ნავთობის წარმოება 3,000 BBL/D/1K-ს, სამრეწველო 6,4%-ს, ხოლო ფოლადის წარმოება 1,600 ათას ტონას შეადგენდა. ამასთან, გასულ წელს ქვეყანაში სულ 1,181.665 ცალი ავტომობილი აწარმოეს.

კორუფციის დონით ირანი მსოფლიოში 147-ე ადგილზე, ბიზნესის კეთების სიმარტივით კი 127-ე ადგილზეა.

გასულ წელს ინფლაციის დონემ ქვეყანაში 39.5%-ს მიაღწია, სამომხმარებლო ხარჯმა 25,624 მლრდ დოლარი შეადგინა, საპროცენტო განაკვეთი კი 18% იყო.

ამდენად, ირანი აზიის ერთ-ერთი უმდიდრესი, ხოლო დასავლეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და OPEC-ის სახელმწიფოებს შორის უმსხვილესი ქვეყანაა. ის ეროვნული წარმოებით მსოფლიოში მე-18 ადგილზეა. ისლამურ სამყაროში ირანი მშპ-ით ინდონეზიის, საუდის არაბეთისა და თურქეთის შემდეგ მეოთხე უდიდესი ეკონომიკაა.

კონკურენტუნარიანობით მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ირანი 76-ე, ხოლო ინოვაციების მხრივ 78 ადგილზეა.

ირანის ეკონომიკის განვითარებას ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები და საკანონმდებლო შეზღუდვები აფერხებს. კერძოდ, 2022 წლის 7 მარტის მდგომარეობით, ირანის წინააღმდეგ 3,616 სანქცია იყო დაწესებული, რაც 2023 წელს 4,268-მდე გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ