ევროპას გამოზამთრების შემდეგ გაზის რეკორდული მარაგი დარჩა

ევროპის გაზის მიწისქვეშა საცავების შევსების დონე 31 მარტს, ანუ გათბობის სეზონის დასრულების შემდეგ 58.3%-ს შეადგენდა, რაც რეგიონისთვის აბსოლუტური რეკორდია. ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა განაცხადა.

მისი თქმით, “ასეთი წარმატება ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის კომპეტენტური პოლიტიკის, ასევე, გაზის მოთხოვნის შესამცირებლად მოქალაქეებისა და ბიზნესის ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული.” ამასთან, მოხდა ინვესტიციები განახლებადი ენერგიის წყაროებში, რაც ევროკავშირის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გეგმის REPowerEU-ის სამ კომპონენტს მოიცავს.

ევროკომისრის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ბაზრები სულ უფრო სტაბილური ხდება, ხოლო ფასები უკრაინის ომამდელ დონეს დაუბრუნდა. ამდენად, ევროკავშირს შეუძლია, მომავალი ზამთრის გათბობის სეზონისთვის გაზის მარაგის შევსება თავდაჯერებულად დაიწყოს.

ამასთან, სიმსონი ამბობს, რომ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში წარმატების მიუხედავად, ევროკავშირი თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცეს.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მოქალაქეებისა და მრეწველობის, ისევე, როგორც ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერა. ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, ფასების დაწევა და სუფთა ენერგიაზე გადასვლაში წინსვლა კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება,” - აცხადებს კადრი სიმსონი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ