პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34 %-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 34%-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2015 წლის I კვარტლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის I კვარტალში 175 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 34 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 444 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების პროცენტული სტრუქტურის მიხედვით, პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება - 34 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი - 15 პროცენტით, ხოლო მესამეზე - რუსეთი - 13 პროცენტით.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი სექტორების წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის I კვარტალში 97 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 146 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 24 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სამთომოპოვებითი მრეწველობა 18 მლნ აშშ დოლარით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საბანკო სექტორში, 2015 წლის I კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და 18 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.