პრეზიდენტი - საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება!

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საზოგადოება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციას მართავს და ევროპულ მომავალს იცავენ.

„სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს. საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება!“, - წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილება დეპუტატებმა საპროტესტო აქციის ფონზე მიიღეს.

პარლამენტთან შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეები სკანდირებენ - „საქართველო“, „არა რუსულ კანონს“, „მონებო, რუსებო“. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი. საპროტესტო აქციის მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს გამოიყენებენ.

მერი ტაბატაძე