პარლამენტის ვითარება კვლავ დაიძაბა - პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა. სამართალდამცავები ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, აქციაზე ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული.

საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს. პარლამენტთან შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეები სკანდირებენ - „საქართველო“, „არა რუსულ კანონს“, „მონებო, რუსებო“.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი. საპროტესტო აქციის მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს გამოიყენებენ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილება დეპუტატებმა საპროტესტო აქციის ფონზე მიიღეს.

მერი ტაბატაძე