პარლამენტთან აქცია დასრულდა - პროტესტი 16 აპრილს, 12:00 საათიდან განახლდება

რუსთაველის გამზირზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურმა მუშაობა დაიწყო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს” ამ დროისთვის დასრულებულია.

ორგანიზატორებმა შეკრებილებს განუცხადეს, რომ დღეს 12:00 საათიდან კვლავ შეიკრიბონ საკანონმდებლო ორგანოს წინ.

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ „ უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავდა. კომიტეტმა ხმაურის, დაპირისპირებისა და პროტესტის ფონზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა. საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტის უკანა შესასვლელთან. 19:00 საათზე კი აქციის მონაწილეებმა - „ არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს. ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა, ბოლო ოფიციალური ცნობებით, პოლიციამ 14 პირი დააკავა.