საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ონლაინ მედიასაშუალებების ჟურნალისტები, რომლებიც მოქალაქეებთან ერთად "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.
ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არის რუსული და პარლამენტმა არ უნდა მიიღოს.
ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გუშინ საქართველოს პარლამენტის შენობასთან გააპროტესტეს. საპროტესტო აქციები საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან მიმდინარეობდა. გარდა ამისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც აღნიშნულ საკითხს განიხილავდნენ, რამდენიმე დეპუტატს დაატოვებინეს. შსს-ის ცნობით, გვიან ღამით აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, ხოლო პოლიციამ 14 პირი დააკავა.