რომელი ქალაქია სასეირნოდ საუკეთესო - GuruWalk-ის რეიტინგი

საფეხმავლო ტურების სერვის GuruWalk-მა მსოფლიოს 100 საუკეთესო სასეირნო ქალაქის სია შეადგინა, რასაც Daily Mail ავრცელებს.

რეიტინგი 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის აპრილამდე სერვისის ვებგვერდზე 120 ქვეყნის 800 ქალაქისთვის შესრულებული დაჯავშნისა და ძიების მონაცემებს ეფუძნება.

კვლევის მიხედვით, ესპანეთი მსოფლიოში საუკეთესო სასეირნო ქვეყანაა, საიდანაც ტოპ 100-ეულში 28 ქალაქი შევიდა. საფრანგეთიდან შვიდი, დიდი ბრიტანეთიდან კი სამი ქალაქია, ისევე, როგორც პოლონეთიდან, კოლუმბიიდან და ვიეტნამიდან. აშშ-იდან სიაში მხოლოდ ერთი ქალაქი მოხვდა.

რაც შეეხება მსოფლიოში საუკეთესო სასეირნო ქალაქს, ეს იტალიის დედაქალაქი რომია, სადაც, კოლიზეუმიდან პანთეონამდე, მსოფლიო დონის მრავალი ღირსშესანიშნაობაა. მათთან ფეხით ადვილი მისასვლელია.

„ძეგლების იმდენი რაოდენობაა, ზოგჯერ ტურისტებმა არც კი იციან, თუ საიდან დაიწყონ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ რომში უფრო მეტი ექსკურსია იმართება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას,“ - წერენ GuruWalk-ის ექსპერტები.

რომს უნგრეთის დედაქალაქი, ბუდაპეშტი და ესპანეთის ბარსელონა მოსდევს. ზოგადად, ტოპ 10-ეულში ექსკლუზიურად ევროპული ქალაქებია, ხოლო სასეირნოდ საუკეთესო არაევროპულ ქალაქად კოლუმბიის მედელინი დასახელდა, რომელმაც სიაში მხოლოდ 24-ე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოში საუკეთესო სასეირნო ქალაქების ტოპ 10-ეულია:

  • რომი, იტალია
  • ბუდაპეშტი, უნგრეთი
  • ბარსელონა, ესპანეთი
  • მადრიდი, ესპანეთი
  • ფლორენცია, იტალია
  • ლისაბონი, პორტუგალია
  • პრაღა, ჩეხეთი
  • ამსტერდამი, ნიდერლანდები
  • ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
  • პორტო, პორტუგალია

მოამზადა ლადო სულაბერიძემ