ბათუმი სახელმწიფო შესყიდვების საკითხზე საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

ბათუმი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ცოდნის გაზიარების მე-11 საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.

ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს შესყიდვების კუთხით საკუთარ ქვეყანაში არსებულ გამოცდილებას უზიარებენ. შეხვედრის მიზანია - დაეხმაროს სპეციალისტებს კომპეტენციის ამაღლებაში ტენდერების განხორციელების კუთხით. როგორ უნდა გახდეს შესყიდვების სისტემა უფრო გამჭვირვალე, სერვისი კი - გაცილებით ხელმისაწვდომი, ამაზე ალბანეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან და სხვა ქვეყნებიდან მოწვეული სპეციალისტები მსჯელობენ. კონფერენციას 25 ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება და სამუშაო შეხვედრები ოთხ დღეს გაგრძელდება.

"ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველო მასპინძლობს ამ ფორუმს. ჩვენ ვმასპინძლობთ 25 ქვეყნის იმ სპეციალისტებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქართველოს გამოცდილებით არიან დაინტერესებული. მათ სურთ, გაიგონ ჩვენი მიღწევების შესახებ. როგორც ბევრი დელეგატი აღნიშნავს, ჩვენს სისტემაში არის ბევრი რამ, რის გაზიარებასაც ისინი აპირებენ და ჩვენი ინტერესიც, ცხადია, მაღალია მათი ცოდნის მიმართ. სახელმწიფო შეყიდვების გამართული ფუნქციონირება რომ უმნიშვნელოვანესია, ეს ყველას გვესმის და შემიძლია ციფრები დაგისახელოთ ჩვენი მუშაობის ეფექტურობის შესახებ. მხოლოდ 2014 წლის განმავლობაში 200 მილიონ ლარზე მეტი ეკონომია იყო შესაძლებელი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის სახელმწიფო შესყიდვებიდან. სულ უფრო იზრდება ტენდერში მონაწილე სუბიექტების რაოდენობა როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ბიზნესსექტორის მხრიდან. ტენდერების რაოდენობა იზრდება, პირდაპირი შესყიდვების კი მცირდება. ეს არის ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში მივიღეთ და დროსთან ერთად, ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ცქიტიშვილმა.

"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის დიდი პატივია ასეთი დონის საერთაშორისო ფორუმის მასპინძლობა. ეს ფორუმი, პირველ რიგში, ჩვენი სააგენტოს გუნდს და, ზოგადად, ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვებით დაკავებულ სპეციალისტებს დაეხმარება, მიიღოს ცოდნა, აიმაღლოს კომპეტენცია და პროფესიონალიზმი ტენდერების განხორციელების კუთხით. ამას გარდა, ფორუმს მეორე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს: საქართველოს მთავრობა, ჩვენი სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას წარვუდგენთ ქართულ რეფორმებს სახელმწიფო სექტორში - სახელმწიფო სერვისების მიწოდების და განსაკუთრებით, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მხრივ. ამ კუთხით უდავოდ გვაქვს საამაყო: ჩვენი სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში", - განაცხადა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ.

საჯარო შესყიდვების სფეროში მე-11 საერთაშორისო ფორუმს ბათუმი მასპინძლობს. შეხვედრა 4 დღე გაგრძელდება და მას 25 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება.