სოფლის მეურნეობის სამინისტროში KFW-ს ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (KFW) ექსპერტებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ნოდარ კერესელიძემ დეტალურად ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიით არის განსაზღვრული. მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული მიმდინარე პროექტები, რომელთა მიზანიც აგროსასურსათო სექტორში ფერმერების და მეწარმეების საქმიანობის დამატებით სტიმულირებას წარმოადგენს. მხარეებმა დეტალურად განიხილეს შეღავათიანი აგროკრედიტის და აგროდაზღვევის პროექტების მიმდინარეობა. გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ექსპერტები დაინტერესდნენ აღნიშნული პროექტების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ინსტიტუტებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხატია წილოსანი ესწრებოდა.