სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის აპრილში, შავ სიაში 8 კომპანია შეიყვანა. ამის მიზეზი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება გახდა.
ამასთან, ერთ-ერთი კომპანია, „არქი პლიუსი“ ერთი თვის განმავლობაში ორჯერ მოხვდა შავ სიაში.
უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო შესყიდვების მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, აპრილში შავ სიაში შესული კომპანიების შესახებ ინფორმაციას:
- შპს „ბერმუხა“ - კომპანიის სავ სიაში შეყვანა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ მოითხოვა. საქმე ეხება მშენებლობასთან დაკავშრებული ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.
- შპს „GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION“ - კომპანიის გაშავების მოთხოვნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმართა. აქაც მიზეზი, მშენებლობასთან დაკავშირებული ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა.
- შპს „არქი პლიუსი“ (2-ჯერ)- პირველად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ მოითხოვა კომპანიის გაშავება, მეორედ კი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მოხვდა შავ სიაში. მიზეზი - მშენებლობასთან დაკავშრებული, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.
- შპს „ფუდ სფეისი 20/21“ - კომპანიის შავ სიაში შეყვანა „მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ“ მოითხოვა. საქმე ეხება ბურღულეულის, კარტოფილის, ბოსტნეულის, ხილისა და თხილეულის შესყიდვასთან დაკავშირებით, ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას.
- შპს „ევროპლანტ ჯორჯია+“ - კომპანიის გაშავების მიზეზი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.
- შპს „ულტრექსი“- აღნიშნულ კომპანიას „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან“ ჰქონდა ხელშეკრულება, თუმცა, ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები არაჯეროვნად შეასრულა.
- შპს „ჩვენი ეზო 2023“ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის სხვადასხვა მომსახურებებთან დაკავშირებით, ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო მოხვდა კომპანია შავ სიაში.
- შპს „ფუდ სფეისი“ - გაშავების მიზეზი, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 სკოლასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება გახდა.