ანბანის კოშკი ესპანურ კომპანიას 1 ლარად გადაეცა

ბათუმში არსებული ანბანის კოშკი ესპანურ კომპანიას 20 წლით მართვის უფლებით, 1 ლარად გადაეცა. კომპანია BOOST SPAIN კოშკში რესტორანს და გალერეას რამდენიმე თვეში განათავსებს, დაახლოებით ერთ თვეში კი მიმდებარე ტერიტორიაზე ღია კაფეებს მოაწყობს. მანამდე მოსაწესრიგებელია ლიფტები, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, კომპანიას მილიონ 200 ათასი ლარი დაუჯდება. არჩილ ხაბაძის განცხადებით, ობიექტის ფუნქციური დატვირთვა ზღვისპირა ტურისტულ ქალაქს კიდევ უფრო გააცოცხლებს.

მისი ინფორმაციით, 1 ლარად გადაცემული ობიექტიდან აჭარის ბიუჯეტი ქონების გადასახადით შეივსება და ობიექტზე ადგილობრივები დასაქმდებიან.  "მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ თემაზე პანიკა მოაწყო, ჩვენ არ ვაკეთებდით განცხადებას ერთი გარემოებიდან გამომდინარე: კომპანიასთან ჩვენ გავაფორმეთ ორთვიანი მემორანდუმი და ამ პერიოდში მას უნდა შეესწავლა ობიექტის მდგომარეობა, ჩაეტარებინა ექსპერტიზა და გადაეწყვიტა, უღირდა თუ არა ანბანის კოშკის მმართველობაში მიღება. ეს პერიოდი წარმატებით დასრულდა. თქვენ იცით, რომ ლიფტების მშენებლობა ბოლომდე არ იყო მიყვანილი და ამაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს. მერია მშენებელ კომპანიას უჩივის, დაუსრულებელი მშენებლობის გამო კი ობიექტი დღემდე ექსპლუატაციაში მიღებული არ აქვს. ამ ესპანურ კომპანიას ლიფტების მოწესრიგება და შეფუთვა მილიონ 200 ათასი ევრო დაუჯდება. კომპანია ყოველწლიურად გადაიხდის ქონების გადასახადს, კომუნალურ გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რაც მას დაახლოებით 700 000 ლარი დაუჯდება, დაასაქმებს ადგილობრივებს და წლების განმავლობაში უფუნქციოდ მდგარ შენობას გააცოცხლებს",- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ.

"კონტრაქტის თანახმად, ეს შენობა ჩვენ 20 წლით ავიღეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დამსვენებელმა ისიამოვნოს ამ შენობით. ჩვენ ჩამოვედით აქ ბიზნესის საკეთებლად და მართლაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი ბიზნესი ხალხისთვის სასიამოვნო იყოს. საქართველოში სხვა ბევრი პროექტი გვაქვს. ბათუმში კი სულ მალე გავხსნით რესტორანს, სადაც ნებისმიერ მსურველს ვუმასპინძლებთ. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ტურიზმის სფეროში, სასტუმროების მენეჯმენტისა და მშენებლობის საკითხებში, ეს კი ბათუმში სარესტორნო ბიზნესში ჩვენი პირველი ნაბიჯებია. რაც შეეხება ბათუმით დაინტერესებას, მე მალიორკაში დავიბადე და ძალიან მიყვარს ზღვა, მზე, ძალიან მომეწონა აქაური ხალხი და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს", - განაცხადა ბართოლომეო სორელ სალამანკამ - კომპანია BOOST SPAIN -ის დამფუძნებელმა.

ანბანის კოშკი ბათუმში მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით აშენდა და მასზე 64 მილიონი ლარი დაიხარჯა. იგი ესპანელმა არქიტექტორმა - ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა და 2011 წელს აშენებული ობიექტი დღემდე უფუნქციო იყო.