ავიაკომპანია "ატლასგლობალი" თბილისიდან საერთაშორისო ფრენებს იწყებს

თურქული ავიაკომპანია "ატლასგლობალი" ათათურქის აეროპორტიდან ტრანზიტულ ფრენებს იწყებს 5 ახალი საერთაშორისო მიმართულებით: პარიზი, ამსტერდამი, დუსელდორფი, კიოლნი და ბიშკეკი. საქართველოში უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა ავიაკომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის ოფისში, მისამართზე: აბაშიძის ქ.#26 და ასევე, ტურისტული სააგენტოების ქსელსა და ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.

ატლასგლობალის მფლობელმა, მურატ ერსოიმ აღნიშნა, რომ კომპანიამ, გლობალური პროექტის ფარგლებში, დაიწყო ახალი საერთაშორისო პროექტების განხორციელება. "სტრატეგიული წარმატების მიღწევა ახალი მიმართულებების დამატების გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ვაგრძელებთ ავიაკომპანიის განვითარებას და ქსელის გაფართოებას აღმოსავლეთიდან დასავლეთით. მნიშვნელოვანია მომსახურების ყველა დეტალის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა და რაც მთავარია, ხარისხის შენარჩუნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ფრენის მთელ პროცესში მგზავრებს შევუქმნათ კომფორტი. გასულ წელს ლონდონისა და კუვეიტის მიმართულებით დანერგილმა ჩვენმა ახალმა სერვისმა Flying Chef დიდი მოწონება დაიმსახურა და ამიტომ მისი შეთავაზება გადავწყვიტეთ ჩვენს ახალ მიმართულებებზეც", - განაცხადა მურატ ერსოიმ.

ახალი მიმართულებებით ფრენების დეტალები ასეთია: პარიზში 10 ივლისიდან დაიწყება ყოველდღიური ფრენები - სტამბულიდან 13:25 საათზე, პარიზიდან 17:10 საათზე. საწყისი ფასი თბილისიდან სტამბულის გავლით, პარიზში: 120 ევრო (ერთი გზა); ამსტერდამის მიმართულებით 18 ივნისიდან დაიწყება ყოველდღიური ფრენები - სტამბულიდან 10:00 საათზე, ამსტერდამიდან 13:30 საათზე, ბილეთის ფასი თბილისიდან სტამბულის გავლით, ამსტერდამი 134 ევრო (ერთი გზა); დიუსელდორფში 11 ივნისიდან დაიწყება ყოველდღიური ფრენები - სტამბულიდან 09:30 საათზე, დიუსელდორფიდან 12:50 საათზე, ბილეთის ფასი თბილისიდან სტამბულის გავლით, დიუსელდორფი: 134 ევრო (ერთი გზა); კიოლნში ასევე 11 ივნისიდან ყოველდღიური ფრენები - სტამბულიდან 13:25 საათზე, კიოლნიდან 17:20 საათზე. ბილეთის ფასი თბილისიდან სტამბულის გავლით, კიოლნი: 122 ევრო (ერთი გზა) და ბიშკეკშიც ასევე 11 ივნისიდან დაიწყება ფრენები და იქნება კვირაში 5 დღე ( სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა). ფრენა სტამბულიდან განხორციელდება 18:55 საათზე.

ფლოტისა და გლობალური ცნობადობის გაზრდის მიზნით, ავიაკომპანია "ატლასჯეტმა" კორპორატიული იდენტობის შეცვლა გადაწყვიტა და საერთაშორისო ავიაბაზარზე "ატლასგლობალის" ბრენდის სახელით განაგრძობს ოპერირებას. ავიაკომპანია ატლასგლობალის რებრენდინგის შედეგად შემუშავდა ახალი კორპორატიული იდენტობა სლოგანით - "სამყარო ოცნებებს მიღმა". ავიაკომპანიის რებრენდინგი 2015 წლის 1 მაისს დასრულდა.