„მოკლევადიანში ეს კანონი შეიძლება ცუდი იყოს, ვინაიდან ავტომატურად შეიზღუდება ყვითელი, თუმცა მაინც “განსხვავებული” აზრი”

„მოკლევადიანში ეს შეიძლება ცუდი იყოს, ვინაიდან ავტომატურად შეიზღუდება ყვითელი, თუმცა მაინც “განსხვავებული” აზრი, თუმცა გრძელვადიანში ვიმედოვნებ, რომ მათი ინფორმაციის ხარისხი გაიზრდება და არანაირი პრობლემა დაფინანსებისაც არ იქნება,” - ასე ეხმაურება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„წავიკითხე კანონი. ვერაფერი მსგავსი ვერ ამოვიკითხე, რაც დაგვაშორებს ევროკავშირს.

რა თქმა უნდა, პრობლემა საკუთარ თავში ვეძებე და ვკითხე ამ კანონის მოწინააღმდეგე ჩემს კვალიფიციურ მეგობრებს. (იურისტებს, ჟურნალუსტებს და ა. შ.), სამწუხაროდ, ვერანაირი პასუხი გარდა ზოგადი განცხადებებისა ვერ მივიღე.

რაც ამ კანონში ამოვიკითხე, არის ის, რომ ჩვენს მატყუარა მედიასაშუალებებს შეუმცირდებათ დაფინანსება, ვინაიდან არც ერთ დონორს არ სურს სიცრუესთან და გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან ასოცირება.

ჩვენი მეგობარი ქვეყნები წუხან ამაზე, ვინაიდან დღეს ასოცირდებიან განსხვავებულ აზრთან და კრიტიკასთან, ხოლო გამჭვირვალეობის კანონით მათი ასოცირება მოხდება სიცრუესთან და გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან.

მოკლევადიანში ეს შეიძლება ცუდი იყოს, ვინაიდან ავტომატურად შეიზღუდება ყვითელი, თუმცა მაინც “განსხვავებული” აზრი, თუმცა გრძელვადიანში ვიმედოვნებ, რომ მათი ინფორმაციის ხარისხი გაიზრდება და არანაირი პრობლემა დაფინანსებისაც არ იქნება.

შეიზღუდება პოლიტიკური მოტივებით, წინა საარჩევნოდ შექმნილი არასამთავრობოები, რომელიც ძირითადად მავნებლობებით არის დაკავებული.

ამ კანონის შედეგად, მედია გახდება ბევრად უფრო კვალიფიციური.

არასამთავრობოებს მოუწევთ ბევრად უფრო ვიწრო პროფილური და კვალიფიციური სერვისების გაწევა.

ამ კანონს ევროინტეგრაციასთან ა რ ა ნ ა ი რ ი კავშირი არ აქვს.

ჩვენ ევროპა ვართ! რუსეთი ოკუპანტია! აი ია,“ - წერს წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.