ევროკავშირმა სანქციების გვერდის ავლის კრიმინალიზება საბოლოოდ დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.

საერთოევროპული კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ერთიან სტანდარტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის. კერძოდ, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება ისეთი ქმედებები, როგორიც არის ევროკავშირში არალეგალურად შესვლაში სანქცირებული პირების დახმარება, სანქცირებული საქონლით ვაჭრობა ან სანქცირებული პირებისა და კომპანიების სახელით აკრძალული ფინანსური ოპერაციების განხორციელება.

ამჟამად ეს დირექტივა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უნდა გამოქვეყნდეს, ხოლო გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს ძალაში შევა. თუმცა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კიდევ 12 თვე ექნებათ ამ დირექტივის მოთხოვნების ეროვნულ კანონმდებლობაში ინტეგრირებისთვის.

სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება აკრძალული ქმედებები, თუ განზრახ და, ზოგიერთ შემთხვევაში, „საშიში დაუდევრობით“ (გაუფრთხილებლობა ან serious negligence) არის ჩადენილი. 10,000 ევროზე ნაკლები ღირებულების აქტივებთან, სახსრებთან ან საქონელ/მომსახურებასთან დაკავშირებული დარღვევები შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულებად არ ჩაითვალოს.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წარმოიქმნება შემდეგი სახის ქმედებებისთვის:

  • სანქცირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის სახსრების ან ეკონომიკური რესურსების უზრუნველყოფა
  • სანქცირებული პირის გაყინვას დაქვემდებარებული სახსრების ან რესურსების არგაყინვა
  • სანქცირებული მოქალაქისთვის ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის ან საზღვრის ტრანზიტის გზით გადაკვეთის უზრუნველყოფა
  • ტრანზაქციების განხორციელება სანქცირებულ სახელმწიფოსთან ან ამ სახელმწიფოს ორგანიზაციებთან
  • ემბარგოს ქვეშ მყოფი საქონლის იმპორტი/ექსპორტი, შეძენა, გადაცემა ან რეალიზაცია
  • ევროკავშირის შემზღუდავი ზომების მიზანმიმართული გვერდის ავლა

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დირექტივაში სანქციების თავიდან აცილების მაგალითად მოყვანილია სანქცირებული სუბიექტების მიერ მესამე პირისთვის აქტივების გადაცემის პრაქტიკა ამ აქტივებზე მიმდინარე კონტროლის დამალვის მიზნით. ამასთან, სანქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ხელშეწყობა და დახმარება ისევე არის კრიმინალიზებული, როგორც „გარკვეული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მცდელობა.“

რაც შეეხება პატიმრობასა და ჯარიმებს, ევროკავშირის ქვეყნებს სასჯელის სიმძიმის ასარჩევად გარკვეული თავისუფლება ეძლევათ. მაგალითად, იურიდიული პირებისთვის მაქსიმალური ჯარიმა შესაძლოა, კომპანიის გლობალური ბრუნვის პროცენტული, ასევე, ფიქსირებული თანხის სახით განისაზღვროს.

ფიზიკური პირებისთვის თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ კანონმდებლობაში უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური სასჯელი დანაშაულისთვის, რომელიც სანქცირებული პირების ევროპული აქტივების შესახებ ინფორმაციის დამალვაზე ერთ წლამდე ან მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პატიმრობით დაისჯება ქმედება, თუ არ იქნა მიწოდებული ინფორმაცია 100 ათასი ევროს ან მეტი ღირებულების აქტივის შესახებ.

მაქსიმუმ ხუთ წლამდე ან მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა უნდა იყოს გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელიც უკავშირდება 100 ათასი ევროს ან მეტი ღირებულების აქტივის ან რესურსის სანქცირებული პირებისთვის მიწოდებას, ასევე, 100 ათასი ევროს ან მეტი ღირებულების აქტივის გაყინვის ვალდებულების შეუსრულებლობას ან იმავე ღირებულების აქტივების გადაცემას სანქციების გვერდის ავლით, ასევე, არანაკლებ 100 ათასი ევროს ოდენობის სანქცირებული საქონლის მიწოდებას.

სამ წლამდე ან მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ქმედება, რომელიც სანქცირებული პირის ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას ან გავლას უზრუნველყოფს.

დირექტივის ტექსტის მიხედვით, ამ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წარმოიქმნება როგორც ევროკავშირის სახელმწიფოს ტერიტორიაზე (დანაშაულის ჩამდენი პირის მოქალაქეობის მიუხედავად), ასევე, განურჩევლად დანაშაულის ადგილისა, თუ ის ევროკავშირის შესაბამისი სახელმწიფოს მოქალაქის მიერ არის ჩადენილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ