„ძალიან შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი გვაქვს და მეორე, ინვესტიციების დიდი ნაწილი შემოდის ოფშორებიდან და ხშირ შემთხვევაში აქ მოქმედი სუბიექტები ახორციელებენ ამ ინვესტიციებს“,- ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, თუ დღეს გაუმჭვირვალობაზეა საუბარი, ასეთი სწორედ ოფშორებია, რადგან აქედან მიღებული ინვესტიციების შესახებ არ გვაქვს სტატისტიკა, რომელ დარგში წავიდა ეს ფული, რა კომპანიები შემოვიდა და ა.შ.
„როდესაც მთელი ეს აქციები მიდის და საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობაზე, რა პრობლემაც ნამდვილად არ უდგათ (თუ ეს პრობლემები უდგათ და რამეს თვლიან, საგადასახადო მიმართულებით შეიძლება ამ პუნქტის ჩამატება და დამატებით დოკუმენტაციის მოთხოვნა), რეალურად, ოფშორებია ზუსტადაც რომ გაუმჭვირვალე, იმიტომ, რომ ჩვენ სტატისტიკაც არ გვაქვს, ოფშორებიდან მიღებული ინვესტიციების შესახებ, რომელ დარგში წავიდა, რომელი კომპანიები შემოვიდა და ა.შ ამ ინფორმაციის მიღებაც არ შეგვიძლია, არამარტო საქსტატიდან.
იგივე, როდესაც პანამას ვამბობთ რომ ოფშორია, იქიდანაც 100%-ით შემოდის თუ არა ოფშორული ინვესტიცია, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მოკლედ, თუ გაუმჭვირვალობაზეა საუბარი, ეს მიმართულებაა. აქ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომ ოფშორი გამჭვირვალე გახდეს. ოფშორი თავის არსით იმას ნიშნავს, რომ გაუმჭვირვალე უნდა იყოს.
მთავარი, რაც არის მისი მოტივატორი, რომ მოგების გადასახადისგან თავისუფლდება, მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები აქვს და ამ ოფშორებში არსებული კომპანიებისთვის ძალიან მომგებიანია.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და ზრდაზე, ჯერ ერთი, ძალიან შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი გვაქვს და მეორე, ინვესტიციების დიდი ნაწილი შემოდის ოფშორებიდან და ხშირ შემთხვევაში აქ მოქმედი სუბიექტები ახორციელებენ ამ ინვესტიციებს. შესაბამისად, შიდა ინვესტიციებია. ამავე დროს, აქ მოქმედი სუბიექტების დიდი ნაწილი ევროზონაშია დარეგისტრირებული და უცხოეთიდან შემოსული, ინვესტიციებად გადის. რეალურად, ჩვენ დამახინჯებული სურათი გვაქვს. ბუღალტრულად სწორია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, თუმცა, მერე ვხვდებით, რომ რეალურად, ეს არის შიდა ინვესტიციები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოდის ძალიან მცირე მოცულობით, აქედან ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიემართება, რაც ცხადია კარგია, თუმცა ეკონომიკურ სექტორში არ მიდის“,- განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.
ცნობისთვის, პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. აღნიშნულ ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანო, დაჩქარებული წესით განიხილავს.
პროექტის მიხედვით, გარდა იმისა, რომ ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებები და საურავები ჩამოეწერებათ, ოფშორებიდან საქართველოში ქონების/ბიზნესის გადმოტანა გადასახადებისგან გათავისუფლდება.
ცვლილებების თანახმად, ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანა გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ამასთანავე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.