საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1, 326 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.3%ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7%-ს შეადგენს. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 21.0%-ით შემცირდა და 605.6 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (132.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (82.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (56.5 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 83.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7 %-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 72.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.0%), ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 39.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5%).