ყირგიზეთი, რუსეთი, ყაზახეთი - საქართველოს მთავარი ექსპორტიორი ქვეყნებია

საქართველოს მთავარი ექსპორტიორი კვლავ ყირგიზეთია. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის იანვარ-მარტის მონაცემები.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, საქართველოს ტოპ-ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ყირგიზეთი მიმდინარე წლიდან დაწინაურდა. (შედარებისთვის, წინა თვეების განმავლობაში მთავარი ექსპორტიორი აზერბაიჯანი იყო).

ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-მარტში საქართველოდან ყირგიზეთში 235 867 100 აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. მასზე მთელი ექსპორტის 17.8% მოდიოდა. რაც შეეხება წლიურ ჭრილს, მაჩვენებელი 145.7%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-მარტში ყირგიზეთში ექსპორტმა 95 989 800 აშშ დოლარი შეადგინა.

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ყირგიზეთში ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილები გავიდა. ჯამში, ექსპორტირებული იყო 221 969 130 აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი.

რაც შეეხება, საქართველოს 10 მთავარ ექსპორტიორ ქვეყანას, 2024 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  • ყირგიზეთი - 235 867 100 აშშ დოლარი;
  • რუსეთი - 160 771 700 აშშ დოლარი;
  • ყაზახეთი - 147 004 500 აშშ დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 134 507 300 აშშ დოლარი;
  • სომხეთი - 126 573 900 აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 97 170 700 აშშ დოლარი;
  • ჩინეთი - 64 121 500 აშშ დოლარი;
  • აშშ - 29 936 900 აშშ დოლარი;
  • უზბეკეთი - 27 708 400 აშშ დოლარი;
  • უკრაინა - 27 472 300 აშშ დოლარი.
თაია არდოტელი