წითელი ხიდიდან-სარფამდე გადაადგილების დრო განახევრდება. ამის შესახებ ინფრომაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, მათი ცნობით, რიკოთის გზის დასრულების შემდეგ წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას დასჭირდება 4-4.5 სათი, მაშინ როცა ახლა გადაადგილებისთვის 8 საათია საჭირო.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთების დასრულების შემდეგ მიღებული ბენეფიტები.
„რიკოთის გზა ხელს შეუწყობს მსოფლიო რუკაზე საქართველოს როგორც ტრანზიტული ჰაბის მნიშვნელობის გაძლიერებას აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი ბევრად კონკურენტული გახდება, რეგიონში არსებულ სხვა დერეფნებთან მიმართებაში, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ლიდერ ქვეყნად ჩამოყალიბდეს;
მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლება;
საგზაო ქსელის განვითარება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
სატრანზიტო გადაზიდვებისათვის შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა;
ქვეყანაში ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობა;
აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულების შემდეგ მანძილი შემცირდება 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს განახევრდება;
წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, მშენებლობის დასრულების შემდეგ დასჭირდება 4-4.5 საათი,“ - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.