წარმოუდგენელია გაურკვეველი წარმომავლობის ფულის შემოტანა ისე, რომ ლარიც არ გადაიხადოს ბიუჯეტში და თქვენ თუ 300-400 ლარიან ნივთს გამოიწერთ, დაგბეგრავენ და შეიძლება ორჯერ უფრო მეტის გადახდა მოგიწიოთ, ვიდრე ნივთის ღირებულებაა. საქართველოს პარლამენტი და პარლამენტარებიც ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომლითაც საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებას გამოეხმაურა.
ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ხალხი, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს უნდა ესმოდეს, რომ ეს არა ხალხის, არამედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.
„ივანიშვილი ასე უყურებს ქვეყანასაც და საქართველოს პარლამენტსაც, რომ ხალხს კი არ უნდა ემსახურებოდნენ, პარლამენტიც და პარლამენტარებიც ივანიშვილს უნდა ემსახურებოდნენ. შესაბამისად, კანონებიც მისთვის არის. მოსახლეობას ხომ კარგად ესმის, რომ 300 ლარზე მეტი ღირებულების რამეს თუ გამოიწერს, იმაში გადასახადებს გადაახდევინებს და ახლა ბიძინამ შემოიტანა ისეთი კანონი, რომ მილიარდების შემოტანის შემთხვევაში არცერთ ლარს არ გადაიხდის. კანონებს იმიტომ კი არ იღებენ, რომ ქართველ ხალხს უჭირს ცხოვრება, გააზრებული და სერიოზული პრობლემები აქვს საქართველოს მოქალაქეს და ამისთვის არაფერს არ აკეთებენ. ივანიშვილი, ეს პარანოიკი ადამიანი ფიქრობს, რომ თავისთვის აიშენებს კუნძულს და საქართველოს მოქალაქეებს არაფერს არ დაეკითხება - ცხადია, ასე არ გამოვა. ხალხი, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს უნდა ესმოდეს, რომ ეს კანონი საქართველოს მოქალაქის ინტერესს არ ემსახურება, არამედ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს ატარებენ. წარმოუდგენელია გაურკვეველი წარმომავლობის ფულის შემოტანა უნდოდეს ისე, რომ ლარიც არ გადაიხადოს ბიუჯეტში და თქვენ თუ 300-400 ლარიან ნივთს გამოიწერთ, დაგბეგრავენ და შეიძლება ორჯერ უფრო მეტის გადახდა მოგიწიოთ, ვიდრე ნივთის ღირებულებაა”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.