მეგან მარკლმა ჯემის საკუთარი ბრენდი ჩაუშვა

დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლმა lifestyle-ბრენდი, American Riviera Orchard-ი ოფიციალურად ჩაუშვა, რომლის პირველი პროდუქტი მარწყვის ჯემის ხაზი გახდა. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრენდის ჩაშვების აღსანიშნავად მარკლმა ჯემის 50 ქილა ლიმიტირებული შეფუთვით აშშ-ში თავის მეგობრებსა და ინფლუენსერებს დაუგზავნა. მათ შორის არის Paramount Pictures-ისა და Nickelodeon-ის აღმასრულებელი დირექტორ ბრაიან რობინსის მეუღლე, მსახიობი, ტრეისი ჯეიმსი, ასევე, არგენტინელი მსახიობის, ნაჩო ფიგერასის მეუღლე, ბლოგერი, დელფინა ბალკიე.

The Independent-ის ცნობით, ჯერ უცნობია, ზუსტად რა პროდუქცია შევა American Riviera Orchard-ის ასორტიმენტში ჯემის გარდა, თუმცა, გამოცემის თანახმად, აშშ-ის საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისში კომპანია რეგისტრირებულია, როგორც კულინარიული წიგნების, სახლის ტანსაცმლის, სამზარეულოს ქსოვილებისა და საკვები პროდუქტების ბრენდი.

მეორე ბრიტანული გამოცემა, Daily Mail წერს, რომ ჯემის ბრენდის შექმნის იდეით მეგან მარკლი შესაძლოა, მეფე კარლ III-ის გამოცდილებამ შთააგონა, რომელმაც 1990-იან წლებში თავის მამულში, კორნუოლის საჰერცოგოში წარმოებული ჯემი გაყიდვაში ჩაუშვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ