„რამდენიმე პროექტი აჩენს კითხვებს“ - შეესაბამება თუ არა მრავალსართულიანი კორპუსები თბილისის გენგეგმას

თბილისში მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა წლებია კითხვის ნიშნებს აჩენს. საუბრობდნენ იმაზეც, რომ თბილისი „ბეტონის ქალაქს“ დაემსგავსა. მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობა დედაქალაქისთვის არახალი ამბავია. მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ იპოდრომის ცენტრალური პარკის გვერდით 79-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მოსკოვის გამზირსა და დიღმის მასივის პირველ კვარტალში 9 სართულიანი კორპუსების დემონტაჟი და 20-სართულიანი კორპუსებით ჩანაცვლება განხორციელდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, მსგავსი ტიპის მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობები რამდენად არის შესაბამისობაში დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმასთან და ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მერაბ ბოლქვაძეს ვესაუბრეთ.

როგორც ბოლქვაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, დედაქალაქში რამდენიმე მასშტაბური მრავალსართულიანი პროექტი პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული კი საჭიროებს მკაფიო განმარტებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცვლება შენობების ზომა, ან თუ იცვლება რა შესაბამისი მაკომპენსირებელი ღონისძიებების გატარება ხორციელდება.

„არის რამდენიმე პროექტი გენერალურ გეგმასთან შედარებით პრობლემური და მას უნდა დასაბუთება - რატომ შეიცვალა ზომა, ან თუ შეცვალა ეს ზომა, რა არის ამის წინაპირობა და მაკომპენსირებელი ფაქტორები. ამას უნდა მყარი დასაბუთება. ჩემთვის რამდენიმე პროექტი არის ისეთი, რომელიც იწვევს კითხვებს“, - განმარტა მერაბ ბოლქვაძემ.

არქიტექტორის აზრით, აუცილებელია, რომ გენერალური გეგმა პერიოდულად გადაიხედოს იმ ნაწილში, თუ რამდენად სრულდება მასში გაწერილი ღონისძიებები, როგორ მიდის ქალაქის განაშენიანება და ხომ არ ხდება მოთხოვნებიდან გადახვევა.

„გენერალური გეგმა ისეთი დოკუმენტია, რომ კარგია მოხდეს მისი გადახედვა, იმ თვალსაზრისით კი არა რომ შეიცვალოს, არამედ რა კეთდება და ხომ არ შორდება რომელიმე პროექტი მოთხოვნებს. ამას ყველა ქვეყანა აკეთებს. 4-5 წლის მერე განიხილავენ მიდის თუ არა სამუშაოები შესაბამისობაში. ეს 15 წლიანი დოკუმენტია და უნდა ვიმსჯელოთ როგორ ხორციელდება“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

იხილეთ ასევე: თბილისში 2 ავარიული კორპუსი 20-სართულიანი შენობებით ჩანაცვლდება

79-სართულიანი შენობა, 5500 ავტოსადგომი - როგორი იქნება კომპლექსი, რომლის მშენებლობაც იპოდრომთან იგეგმება (+ფოტო)

მერი ტაბატაძე